ისევ იჯარა ბორნმუთში? რა ბედი ელის მამარდაშვილს 2025 წლიდან
ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერის შესახებ დაწერა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, მან გუშინ გამოთქვა ვარაუდი, რომ ახალგაზრდა ქართველი მეკარის დამატების მიუხედავად, ძნელად სავარაუდოა, 2025 წლის ზაფხულში ალისონ ბეკერმა „ენფილდი“ დატოვოს და კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება ასეთ ადრეულ ასაკში გადაწყვიტოს.
„ლივერპულს“ ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მაიკლ ედვარდსი, რომელიც თუ ადრე სპორტული დირექტორის ფუნქციებს ითავსებდა, ამჯერად გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს და საქმეს რომ არაჩვეულებრივად უძღვება, უფრო კლუბის ნათელ მომავალზე გათვლილ მამარდაშვილის ტრანსფერიდანაც კარგად ჩანს. ცნობილმა ინგლისურმა გამოცემა Teamtalk-მა ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
რას წერენ ალისონი-მამარდაშვილზე
2018 წელს „რომადან“ 56 მილიონ ფუნტად დამატებული ალისონ ბეკერის ასე იოლად გასხვისება ჯერჯერობით არ გამოვა, რადგან ის მშვენიერ ფორმაშია და წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. ბოლოს და ბოლოს მიმდინარე სეზონში 270 წუთი ითამაშა და ჯერჯერობით ერთი ბურთიც კი არ მიუღია საკუთარ კარში.
„ლივერპულის“ რიგებში გამართულ 266 მატჩში ბეკერმა, რომელიც მეკარეა, მოახერხა და ერთი შეხვედრა მერსისაიდელებს პირადად მოაგებინა, როდესაც 2021 წელს „ვესტ ბრომვიჩთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა - არადა მცველ ჯო გომესს სადებიუტო ბურთის შეგდებისთვის მისგან განსხვავებით, 224 თამაშის ჩატარება დასჭირდა.
ყოველივე ამის ფონზე, სხვადასხვა ჟურნალისტი ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ ალისონს მომავალ ზაფხულს საუდის არაბეთის „ალ ნასრი“ წაიყვანს და ის კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ ითამაშებს, რაც მამარდაშვილს „ლივერპულის“ ძირითადში ადგილს გამოუნთავისუფლებს.
რომანო თვლის, რომ „წითლებმა“ ბრაზილიელი მეკარე, რომელმაც ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც ინგლისის პრემიერ ლიგაა, 204 თამაშიდან 89-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა, იოლად არ უნდა დათმონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ევრო 2024-ის ერთ-ერთი გმირის, მამარდაშვილის ტრანსფერი აზრს კარგავს.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი? თუ ალისონი არსად არ წავა, მაშინ ლივერპულელები იმ ვარიანტს უნდა დაუბრუნდნენ, რომელიც გასულ ზაფხულს არ გამოვიდა. საუბარია „ბორნმუთში“ იჯარაზე, რადგან ამით გიორგი ინგლისურ ფეხბურთსაც შეეჩვევა და ალისონის არსად წასვლაც საჭირო აღარ გახდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულიდან უნდა შეუერთდეს, ალისონს კი მერსისაიდელებთან ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.