2002 წლის შემდეგ პირველად - ამერიკელების დომინაცია US OPEN-ზე
2024 წლის უკანასკნელ დიდი მუზარადის ტურნირზე როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის ფინალისტები ცნობილია, რაც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. წლევანდელი ამერიკის ღია პირველობა გულშემატკივარს ძალიან ბევრი სენსაციით დაამახსოვრდება, რითაც ყველაზე მეტად, როგორც სტატისტიკური მაჩვენებლიდან ჩანს, მასპინძლებმა ისარგებლეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ზუსტად 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის შეჯიბრების ფინალში ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმომადგენელი ჰყავს. მსოფლიო რეიტინგის მეთორმეტე ნომერი ტეილორ ფრიტცი ტიტულისთვის ბრძოლაში იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება, ხოლო ქალებს შორის მეექვსე ნომერი ჯესიკა პეგულა ბელარუს არინა საბალენკას შეხვდება. პეგულა-საბალენკას მატჩის დაწყების თბილისის დროდ დღეს ღამის თორმეტი საათია მითითებული, ხოლო სინერი-ფრიტცის თამაში სტარტს ხვალ 22:00 საათზე აიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შემთხვევა, როდესაც მასპინძლები US OPEN-ის ფინალში იყვნენ წარმოდგენილი, 2002 წელს მოხდა, თუმცა მაშინ მათი დომინაცია კიდევ უფრო მძლავრი გახლდათ, რადგან ოთხივე ფინალისტი ამერიკელი იყო - პიტ სამპრასმა ანდრე აგასი ოთხ სეტში, 6:3, 6:4, 5:7, 6:3 დაამარცხა, ხოლო სერენა უილიამსმა თავის დას ვინუს უილიამსს 6:4, 6:3 აჯობა.