„ამ პოზიციაზე თავს მშვიდად ვგრძნობ“ - რასპადორის მინიშნება კონტეს
ერთა ლიგის A დივიზიონში მეორე ჯგუფის შეხვედრაში იტალიამ საფრანგეთს პარიზში 3:1 მოუგო. შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე „ნაპოლის“ შემტევი ჯაკომო რასპადორი იყო.
რასპადორიმ შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ანტონიო კონტეს „შეტყობინება“ გაუგზავნა, რომ მან ნაკრებში თავის სასურველ პოზიციაზე ითამაშა და კარგი მატჩიც ჰქონდა.
„ეს დიდი გამარჯვება იყო. როცა ასეთი გუნდის წინააღმდეგ მისსავე მოედანზე ასე იგებ, ეს ბევრს ნიშნავს და ფაქტია, რომ ბევრი რამ სწორად გააკეთე. ვიცით, რომ ეს სწორი გზაა რაღაც მნიშვნელოვანის გასაკეთებლად.
მეორე ფორვარდად თამაში? ჩემი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ეს პოზიცია ჩემთვის კარგია, ასე თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. აქ თამაშის შემთხვევაში ხაზებს შორის კარგად ვმოქმედებ, შემიძლია წინ წავიდე და გავიტანო, როგორც ეს საფრანგეთთან გავაკეთე, ასევე შემიძლია დაცვასაც დავეხმარო. ვფიქრობ, ეს ჩემთვის საუკეთესო პოზიციაა, როდესაც ნახევარდაცვის ცენტრიდან საჯარიმომდე მონაკვეთში ვმოქმედებ. ასე ჩემი მაქსიმუმის წარმოჩენას ვახერხებ“.
ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრები 3-5-2 სქემაზე გადააწყო. რასპადორი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და ცენტრფორვარდის რეტეგის უკან მოქმედებდა. ჯაკომოსთვის ეს მართლაც საუკეთესო პოზიციაა. „სასუოლოშიც“ სწორედ ამ სივრცეში თამაშობდა. მისთვის ზოგადად 4-4-2 და 3-5-2 მისაღები სქემებია. იტალიელს სათამაშო სტილიდან გამომდინარე თავის იდეალურად წარმოჩენა სწორედ ამ ორ მონახაზში მეორე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია, მაგრამ „ნაპოლიში“ ამას ვერ ახერხებს, რადგან ანტონიო კონტეს ამ როლში ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს.
ლუჩანო სპალეტის დროს კი „ნაპოლი“ საერთოდ 4-3-3 სქემით თამაშობდა, რომელიც რასპადორის სათამაშო სტილისთვის საკმაოდ რთული ტაქტიკური მონახაზია.
ცნობისთვის - იტალიამ საფრანგეთს ოფიციალური მატჩი 2008 წლის შემდეგ პირველად მოუგო. საფრანგეთში კი 70 წელი არ ჰქონდათ მოგებული. ფრანგებმა საკუთარ მოედანზე ოფიციალურ შეხვედრაში 3 გოლი ბოლოს 1999 წელს რუსებთან მატჩში გაუშვეს.