25-წლიანი პაუზის შემდეგ - დეშამმა ფრანგებს ცუდი დრო გაახსენა
უეფას ერთა ლიგის გათამაშებას საშუალო დონის ნაკრებებისგან განსხვავებით, გრანდები შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუმცა პარიზში საფრანგეთის ეროვნული გუნდის იტალიელებთან (1:3) წარუმატებლობამ მაინც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. გარდა იმისა, რომ როგორც უკვე გაირკვა, „სკუადრა აძურას“ „სამფეროვნები“ სტუმრად 1954 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული, ფრანგების კიდევ ერთ ანტირეკორდზეც დაიწერა. მათ ოფიციალურ შეხვედრაში 3 გოლი შინაურ კედლებში 25-წლიანი პაუზის შემდეგ გაუშვეს და ბოლოს ეს გაკეთებული რუსებს ჰქონდათ, რომელთაც 1999 წელს ევრო 2000-ის შესარჩევ ეტაპზე მრისხანე მეტოქეს გასვლაზე 3:2 მოუგეს.
ბუნებრივია, „პარკ დე პრენსზე“ დამთავრებული მატჩის შემდეგ, მედიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის მთავარი ობიექტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი გახლდათ, რომელსაც წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, პოსტი შეინარჩუნა და ახლა თავის მართლების რეჟიმზეა გადასული.
დიდიე დეშამი
პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ თამაშს სათანადო ფორმაში ვერ შევხვდით. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ეს დონე მსაჯის საფინალო სასტვენამდე ვერ შევინარჩუნეთ.
ღია ფეხბურთს ვთამაშობდით და დაცვაში ბევრი თავისუფალი ზონა გვრჩებოდა, რის გამოც მეტოქემ არაერთხელ დაგვსაჯა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იტალიის ნაკრებს საჭირო ინსტრუმენტები გამარჯვების მოსაპოვებლად სწორედ ჩვენ მივეცით.
დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები 2016 წელს ევროპის ჩემპიონი, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2021 წელს ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ის ამ პოსტს 2012 წლის 8 ივლისიდან იკავებს და მას შემდეგ „სამფეროვნებმა“ 160 მატჩიდან 101 მოიგეს, 33 ფრედ დაასრულეს და 26 წააგეს.