თოფურია: როგორც ჩანს ვოლკის ყოველწლიურად ნოკაუტში ჩავარდნა უნდა
26 ოქტომბერს, აბუ-დაბიში UFC 308-ზე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება. ამ საღამოზე დასწრებას გეგმავს ყოფილი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი, რომელიც „ელ მატადორმა“ ნოკაუტში გაუშვა და ავსტრალიელი როგორც ჩანს, მისთვის იმ მძიმე საღამოს დღემდე ვერ ივიწყებს და ვერც მარცხს ინელებს.
ალექსი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თოფურიასთან რემატჩი მალევე მიეღო, თუმცა არაფერი გამოუვიდა და ილიას მეტოქე ჰოლოუეია.
ამ ყველაფრის შემდეგ, ვოლკანოვსკი მედიის საშუალებით ცდილობს, რომ თოფურია წყობიდან გამოიყვანოს და მოახლოებული ბრძოლის ფავორიტად ჰოლოუეის ასახელებს:
„მაქსმა თავისი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა. ვფიქრობ, მისი დამარცხება რთული იქნება. მე ამ ბრძოლის გამარჯვებული მინდა მივიღო. რომ ავირჩიო, ვფიქრობ, ეს ალბათ ჰოლოუეი იქნება. ასე რომ, როგორც ჩანს, ჩვენ მეოთხედ მოგვიწევს ბრძოლა. მე იქ ვიქნები და მათ ბრძოლას თვალს დარბაზიდან მივადევნებ“.
- ამბობს ვოლკანოვსკი.
ვოლკანოვსკიმ თოფურიასთვის ნერვების მოშლა ვერ მოახერხა და ილიამ მას ჩვეული სარკაზმით უპასუხა:
„ვოლკი, UFC 308-ზე ბრძოლის დამზღვევი? მისმინე, არ ვიცი კარგი იდეაა თუ არა. მას როგორც ჩანს, ყოველწლიურად ნოკაუტში ჩავარდნა უნდა. ორჯერ... იქნებ მას ვინმემ კარგი რჩევა მისცეს. მან უნდა დაისვენოს. გარწმუნებთ, რომ მას დასვენება სჭირდება. განსაკუთრებით მის თავს.
ხოლო ვინ იქნება ჩემი მეტოქე ამას არ აქვს მნიშვნელობა. მითხარით მისი სახელი, დამისახელეთ დრო და ადგილი - მე თქვენ შერეული საბრძოლო ხელოვნების შედევრს მოგცემთ“.
- ციტირებს ილიას სიტყვებს ესპანური estadiodeportivo.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, გამთენიისას 27 ოქტომბერს ვიხილავთ.