დიმარკოს შედევრი, ისტორიული გამარჯვება | იტალიამ საფრანგეთს მოუგო
ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „სამფეროვნები“ მასპინძლის რანგში იყვნენ და „სკუადრა აძურა“ „პარკ დე პრენსზე“ მიიღეს.
შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. ბრედლი ბარკოლამ ჯოვანი დი ლორენცოს შეცდომით ისარგებლა და საფრანგეთი პირველივე წუთზე დააწინაურა. 30-ე წუთზე, იტალიამ წონასწორობა აღადგინა. ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ფედერიკო დიმარკომ დააგვირგვინა - 1:1.
51-ე წუთზე, „სკუადრა აძურა“ წინ გაიჭრა. მატეო რეტეგის გადაცემით დავიდე ფრატეზიმ ისარგებლა და იტალია დააწინაურა. 74-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ჯაკომო რასპადორიმ დააფიქსირა და „სკუადრა აძურამ“ 3:1 მოიგო. იტალიამ საფრანგეთი პარიზში 70-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხა. „სკაუდრა აძურას“ „პარკ დე პრენსზე“ 1954 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.
ცნობისთვის, ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და ისრაელის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „წითელმა ეშმაკებმა“ დამაჯერებლად იასპარეზეს და 3:1 მოიგეს. იტალია მომდევნო შეხვედრას 9 სექტემბერს გამართავს და ისრაელს დაუპირისპირდება.