მერებაშვილი: „კვარა ყველაზე მეტად ესპანურ ფეხბურთს მოუხდება“
38 წლის გიორგი მერებაშვილი ფეხბურთის თამაშს კვლავ განაგრძობს, თუმცა პარალელურად სამწვრთნელო საქმიანობის ნიუანსებსაც სწავლობს და პოლონეთის მეოთხე დივიზიონის „სპოინია ლანდეკში“ თამაშის გარდა, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციებსაც ითავსებს. თბილისის „დინამოს“ ყოფილი ლიდერი ყოველთვის სასიამოვნოდ და საინტერესოდ საუბრობს საფეხბურთო თემატიკაზე და Crystalsport-თან ინტერვიუში როგორც ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე, ასევე გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
გიორგი მერებაშვილი
საქართველოს ნაკრების თითოეული გულშემატკივრის მსგავსად, მეც გამარჯვების იმედი მაქვს. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად განსხვავებული ხასიათის მატჩი იქნება - პირველ ნომრად ჩვენ ვითამაშებთ და მართალია, „დინამო არენაზე“ არ იმართება შეხვედრა, მაგრამ ქართველი ქომაგები თავის საქმეში იმდენად სამაგალითონი არიან, თავისი შეძახილებით ყველა სტადიონის ტრიბუნიდან ნაკრებისთვის დამატებითი მუხტის მიმცემები იქნებიან.
გიორგი მამარდაშვილს მივულოცავ „ლივერპულში“ გადასვლას, რაც არამხოლოდ მისი, არამედ ქართული ფეხბურთის წარმატებაა, რადგან ეს ევროპულ გრანდებს კიდევ უფრო მეტი ქართველი მოთამაშეებით დააინტერესებს. მამარდამ ბოლო დროს ძალიან მოუმატა და უმაღლესი დონის მეკარედ იქცა - არ დამავიწყდება ამ სეზონში გამართული „სელტა“ – „ვალენსიას“ მატჩი, როდესაც თავისი მენტალობით იაგო ასპასს ფსიქოლოგიური ომი მოუგო.
ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონადან“ სერიოზული წინადადება თუ ექნება, აუცილებლად უნდა დათანხმდეს, რადგან თავისი სტილიდან გამომდინარე, ის ყველაზე მეტად ესპანურ ფეხბურთს მოუხდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაპოლიში“ დარჩენა მისი კარიერისთვის ცუდი იყო. პირიქით - წნეხი აქვს, რადგან იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლიდერია და ეს მას გაზრდასა და განვითარებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება.
რაც შემეხება მე, პოლონეთის მეოთხე დივიზიონში ვთამაშობ, სადაც ჩემს მსგავსად ისეთი ვეტერანები გამოდიან, რომელთაც ისევე როგორც, ფეხბურთისთვის თავის დანებება უმძიმთ და არ ეთმობათ. დონე ძალიან დაბალია, მაგრამ სამწვრთნელო საქმიანობის ათვისებისთვის არაჩვეულებრივი პლაცდარმია.
ვფიქრობ, როგორც დამწყებმა ფეხბურთელმა, დამწყებმა მწვრთნელმაც გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს და დამოუკიდებლად კლუბი მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიბაროს. შარშან ერთ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელი გუნდს ოჯახური პრობლემების გამო ვერ გაუძღვა და მისი მოვალეობის შესრულება მომიწია. იმ მატჩში ფეხბურთელმა, რომელიც შეცვლაზე შევიყვანე, გოლითა და საგოლე პასით მოგვაგებინა და თითქოს ყველაფერი სწორად გავაკეთე, მაგრამ ბევრი შეცდომაც დავუშვი. ასე რომ ჯერ ადრეა - მსურს მომდევნო სეზონში მეორე ან პირველ ლიგაში ისევ ასისტენტი ვიყო, ამასობაში პრო ლიცენზიასაც ავიღებ და ორ წელიწადში კი მთავარ მწვრთნელობას შევუდგები.
გიორგი მერებაშვილს კარიერის მანძილზე „დინამო თბილისში“, „ვოივოდინაში“, „ოფიში“, „ვერიაში“, „ლევადიაკოსში“, „ვისლა პლოცკიში“, „პოდბესკიძიესა“ და „სანდეციაში“ უასპარეზია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 32 შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლია.