მოულოდნელი გადაწყვეტილება - დეპაი ბრაზილიაში წავიდა
მემფის დეპაიმ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კარიერის ბრაზილიაში გაგრძელება გადაწყვიტა. 30 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ორ დღეში სან პაულუში ჩავა და „კორინთიანსთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მემფისს ევროპის ტოპ-ლიგის რამდენიმე საშუალო დონის კლუბი ეპატიჟებოდა, თუმცა საბოლოოდ მან ახალი თავგდასავლების ძებნა და სამხრეთ ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტა. მისი ახალი ნავთსაყუდელი „კორინთიანსი“ კი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და დეპაის კლასის მქონე მოთამაშის დახმარება უთუოდ გამოადგება - სან პაულუელები ოცგუნდიან ბრაზილიის სერია A-ში მეჩვიდმეტე ადგილზე არიან და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.
ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გასულ სეზონში მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა და დედაქალაქური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 98 შეხვედრაში დეპაის 48 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, რობინ ვან პერსის მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.