“ბილეთების რეალიზაციის შემდეგ, რიგში 100 ათასი ქომაგი იყო“ - მუჯირი ჩეხეთთან მატჩის წინ
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების სტარტის წინ, საქართველოს ნაკრების ირგვლივ უდიდესი აჟიოტაჟია შექმნილი. მათთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე საოცრად წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელებზე ამჯერადაც უდიდესი იმედები მყარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წინასამატჩო განწყობასა და სტადიონის ჩატარების ადგილზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რა თქვა მუჯირმა
ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატებამ მოლოდინი და პასუხისმგებლობა გაგვიზარდა. რთულ ჯგუფში მოვხვდით და რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა საფეხბურთო ევროპა და მსოფლიო დაარწმუნა, რომ კონკურენტუნარიანი ძალაა, რის ხარჯზეც შეუძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდეს.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი გვიდგას, რაც ზუსტად ამ ფეხბურთელების დამსახურებაა და თამასა ასე მაღლა სწორედ მათ ასწიეს.
2018 წელს, როდესაც ერთა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო, ფიფას რეიტინგში ასეულს მიღმა ვიყავით, ახლა კი 70-ე პოზიციაზე ვართ და B დივიზიონში ავედით. ამ თაობამ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, რადგან ბევრმა მათგანმა როგორ ახალგაზრდულ, ასევე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.
სასიხარულოა, როდესაც ეროვნული ნაკრების მიმართ ასეთი ინტერესია, რადგან ბილეთების რეალიზაციის დასრულების დროს, 100 ათასი გულშემატკივარი იყო რიგში - ეს ნამდვილ საფეხბურთო ბუმზე მიგვანიშნებს და ნიშნავს იმას, რომ ყველას მოთხოვნა ვერანაირად ვერ დაკმაყოფილდებოდა. ასე რომ, როგორცკი „დინამო არენა“ მზად იქნება სრული ტევადობით მატჩების მიღებაზე, მეტოქესაც შევუთანხმდებით და შესაძლოა ამ არენაზე გადმოვინაცვლოთ
შეგახსენებთ, რომ საქართველო - ჩეხეთის მატჩი ხვალ, მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე დიდი ხანია გაყიდულია.