ივან ჰაშეკი, ტომაშ სოუჩეკი
Aa
Aa

ქართველებს ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ - ჰაშეკის პრესკონფერენცია

ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა „მიხეილ მესხზე’’ საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას ფეხბურთელი ტომაშ სოუჩეკიც ესწრებოდა.

ივან ჰაშეკი: „ევრო 2024-ზე საქართველოსთან ვითამაშეთ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ასეთივე დადებითი მოლოდინი მაქვს ჩვენი გუნდების შეხვედრასთან დაკავშირებით. 3 ქულის მოლოდინი გვაქვს.

აქ არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, ქართველები ფეხბურთის ფანატები არიან, ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ, ბილეთები უმალ გაიყიდა. მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება არაჩვეულებრივი თამაში ეროვნულ ნაკრებებს შორის.

დიახ, დღეს წვიმიანი ამინდია, რაც შეეხება მოედანს, უნდა ვნახო. იმედი მაქვს, ამინდი მინდორზე და შესაბამისად თამაშზე გავლენას არ მოახდენს.

ერთა ლიგას სერიოზულად ვუდგებით. ჩვენი მიზანია ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი იყვნენ და აბსოლუტური შედეგი მიიღონ''.

სოუჩეკი: „ევრო 2024-ზე საქართველოსთან გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ძალიან ვაფასებ ქართველი ფეხბურთელების კონტრშეტევებით თამაშს.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, მოლოდინი არის ისეთი, რომ მაქსიმალურ ძალებს გავიღებთ. სტრატეგიული მიზნები გვაქვს დასახული. ჩეხეთიდან სპონსორებისა და ქომაგთა სავსე თვითმფრინავი ჩამოფრინდა. ჩვენთან ერთად ქომაგთა დიდი რაოდენობა იქნება''.

სოუჩეკის მისამართით ასეთი კითხვა იყო: შიშისმომგვრელი ხომ არ არის მამარდაშვილის პერსონა?

სოუჩეკი: „ძალიან ვაფასებ, ვიცი რომ პროფესიონალი მოთამაშეა. თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მიმაჩნია, რომ ჩეხეთის ნაკრებს მაღალი შანსები გაქვს, სამი ქულის მოლოდინი გვაქვს''.

ცნობისთვის, სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. „ნასისა“ და „ჯვაროსნების“ დაპირისპირება თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები