„არ არსებობს, შეუძლებელია...“ | მამუკელაშვილმა იანისთან პირველი შეხვედრა გაიხსენა
„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა თანასის ანტეტოკოუნმპოს YouTube-არხთან ინტერვიუში თანასისის ძმასთან, „მილუოკი ბაქსის“ ბერძენ ლიდერთან, იანის ანტეტოკოუნმპოსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.
„დრაფტის შემდეგ ჩემს აგენტს შევხვდი, ცოტა აღვნიშნეთ კიდეც, მაგრამ მოკრძალებულად - ძალა აღარ მქონდა, ემოციურად ეს ძალიან დამღლელი იყო. დრაფტის დროს მეგობრებთან ერთად ვიყავი და ველოდებოდი, რა მოხდებოდა. მახსოვს, „ბაქსმა“ სოციალურ ქსელში დაწერა ჩემს შესახებ და გუნდში მოხვედრა მომილოცა. „ინსტაგრამზე“ შევედი და იქ ათასობით შეტყობინება დამხვდა. სახალისოა, რომ პირველმა შენ მომილოცე და მე ვიფიქრე, „ვაუ, თანასისი მწერს!“.
ასევე მახსოვს, როცა შენი ძმა [იანისი]პირველად ვნახე. ეს არასოდეს დამავიწყდება. ვეგასში რაღაცას ვიღებდით და შენი ძმა შემოვიდა. მე ვიდექი და ვფიქრობდი - „არ არსებობს, ეს შეუძლებელია“. ჯოშ ოპენჰეიმერს ვთხოვე - „შეგიძლია ჩემი ტელეფონით ფოტო გადაგვიღო?“, ის კი მეუბნება: „არა, არა, თქვენ თანაგუნდელები იქნებით...“. ის MVP იყო, იმ წელს ჩემპიონები გახდით და მე ვფიქრობდი, „ნუთუ მეც მათი თანაგუნდელი ვიქნები?“ - განაცხადა მამუკელაშვილმა.
მამუკელაშვილი NBA-ის 2021 წლის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, მოგვიანებით კი „მილუოკი ბაქსში“ გაუშვა, სადაც სანდრომ ორი სეზონი გაატარა, შემდეგ კი „სან-ანტონიოში“ გადაბარგდა. იანის ანტეტოკოუნმპო „ბაქსში“ 2013 წლიდან თამაშობს და 2021 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა.