ვილი სანიოლი, გურამ კაშია
Aa
Aa

წარმატების შემდეგ მადა გეხსნება და მეტის მიღწევა გვსურს - სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას მასთან ერთად კაპიტანი გურამ კაშია ესწრებოდა.

ვილი სანიოლი: „ჩეხეთთან მსგავსი ფორმატის თამაშს ველოდებით, როგორც ევრო 2024-ზე იყო. იმ მატჩიდან გამომდინარე ჩვენ გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ფეხბურთელებმა უკვე იციან, როგორი სტილის თამაშის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ.

სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა. საბა გოგლიჩიძეს კარგად ვიცნობ, ახალგაზრდული გუნდიდან და საქართველოში თამაშის პერიოდიდან გამომდინარე. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია სულ მალე დიდი დახმარება გაგვიწიოს. საბას პროგრესს თვალს ვადევნებდით. მასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია, რომ უკვე ამ ეტაპზე გამოგვეძახებინა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელებთან შეხვედრა სასიამოვნო იყო. როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და კიდევ უფრო მეტის მიღწევა გსურს. გვსურს, ევრო 2024-ზე თამაში გამონაკლისი არ იყოს და ხშირად მივაღწიოთ წარმატებას.

იგივე სულისკვეთებაა საჭირო, რომ უკეთესები გავხდეთ. ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ამ ეტაპზე სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია. ფეხბურთელებმა იციან, რომ მათგან იგივე დონის პროფესიონალიზმს მოვითხოვ, იგივე დონის შრომას, რაც მანამდე იყო.

ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის ძალიან დიდ როლს ასრულებს. ყველაფერი საერთო ჯამში ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რამდენად შეუძლიათ თავდაჯერების მოპოვება. გასული 1 წლის განმავლობაში ამ მხრივ დიდი პროგრესია''.

გურამ კაშია: „მოლოდინი პოზიტიურია. ხანდახან ასე ძალიან კმაყოფილი არ უნდა იყო. ვფიქრობ, ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ. წარმატება უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს თამაშები ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ. ადვილად ვერცერთ გუნდთან ვერ მოვიგებთ. ხანდახან მეგობრებს, რომ ველაპარაკები, მეუბნებიან, რომ ჩეხეთს იოლად მოვუგებთ. ისეთი გარემოა შექმნილი თითქოს საქართველო ტოპ ნაკრებია. ისევ ისე უნდა გვინდოდეს გამარჯვება, როგორც ევროპის ჩემპიონატამდე იყო.

ყოველი ოცნების შემდეგ ახალი ოცნება გაქვს, მუნდიალზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მუნდიალამდე ძალიან დიდი დროა. ოცნებას ვაგრძელებთ.

ჩემთვის უმჯობესია „დინამოზე'' თამაში, მაგრამ მთავარია სავსე სტადიონი იყოს, მოცემულ ვითარებაში „მიხეილ მესხი'' საუკეთესო ვარიანტია. მგონია რომ ნახევრად სავსე სტადიონი კარგი არ იქნება.

ხვალ ძალიან ბევრი ორთაბრძოლა გვექნება მოსაგები. ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები და ჩვენზე მაღლები არიან.

ისეთი გარემოა შექმნილი, რომ წნეხს არ ვგრძნობთ. წნეხი საჭიროა. ყველა ბედნიერია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს წარმატება უნდა დავივიწყოთ. ფეხბურთელები ხშირად ვიხსენებთ, რა მაგარი ზაფხული გვქონდა. ფეხბურთზე გადმოვერთოთ, ცოტა დავეშვათ და ახლისთვის მუშაობა დავიწყოთ''.

ცნობისთვის, სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. „ნასისა“ და „ჯვაროსნების“ დაპირისპირება თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები