„არ ველოდით, რომ საქართველო ასე გვაჯობებდა“ - მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი
მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, შტეფან სტოიკამ საქართველოსთან განცდილი მარცხი შეაფასა და რამაზ სვანაძის განკარგულებაში არსებული ფეხბურთელების მაღალ კლასზე ისაუბრა. მოლდოველმა მწვრთნელმა ასევე განაცხადა, რომ გუნდებს შორის კლასში განსხვავება ძალიან დიდი იყო, ამიტომ მის გუნდს მოგების შანსი ვერ ექნებოდა.
შტეფან სტოიკა:
„მატჩის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მეტოქედ ძალიან ძლიერი და კარგად მომზადებული გუნდი გვყავდა. ჩვენთან თაობების ცვლა მიმდინარეობს, ვათამაშებთ 2-3 წლით უმცროს ფეხბურთელებს, გვყავდა 2007 წელს დაბადებული მოთამაშეც.
საქართველოს ჰყავდა ძირითადი ნაკრების 2-3 ფეხბურთელი, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ - მათი კლასი ნათლად გამოჩნდა. მათ ჰყავდათ ფეხბურთელები სერია ა-დან და სხვა ძლიერი ჩემპიონატებიდან.
სტადიონზ ატმოსფერო მომეწონა, ხალხი ფეხბურთის საყურებლად იყო მოსული, თუმცა მეტოქემ ჩვენზე უფრო მაღალი კლასი აჩვენა. არ ველოდით, რომ განსხვავება ასეთი დიდი იქნებოდა. დროდადრო ვებრძოდით, მაგრამ გამოჩნდა, რომ საქართველო ჩვენთან შედარებით ძალიან ძლიერია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვას ბათუმში დამაჯერებლად სძლია - 3:0. გოლების ავტორები გიზო მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე და გიორგი აბუაშვილი გახდნენ. სამივე საგოლე გადაცემა ლაშა ოდიშარიამ შეასრულა.
ბათუმის შემდეგ, 21-წლამდელები ნიდერლანდებში გაემგზავრებიან, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.