არველაძე ტრაბზონში ბრუნდება? - გიუნეშმა თანამშრომლობა შესთავაზა
თურქული მედიის ცნობით, „ტრაბზონის’’ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა შოთა არველაძეს კლუბში მუშაობა შესთავაზა. ინფორმაციას რამდენიმე თურქული წყარო ავრცელებს.
ცნობილია რომ „ტრაბზონის’’ ლეგენდა გიუნეშის სამწვრთნელო შტაბში არ იმუშავებს. CrystalSport-ის ცნობით, თუ შეთანხმება შედგა, სავარაუდოდ არველაძე საფეხბურთო დირექტორი გახდება, რაც ნიშნავს, რომ გასახდელში შეეძლება ყოფნა, სამწვრთნელ პროცესთან ახლოს იქნება, უფრო მეტად საფეხბურთო საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ცხადია, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კლუბი მკაფიოდ განმარტავს მის ფუნქციებს.
შოთა არველაძე 1993-94 და 1995-97 წლებში „ტრაბზონში’’ თამაშობდა. Transfermarkt-ის ცნობით, 123 თამაშში 79 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, თურქეთის თასი და სუპერ თასი მოიგო. საინტერესოა, რომ გიუნეშის მწვრთნელობისას არველაძემ 105 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი შეაგდო, შთამბეჭდავი სტატისტიკაა. 2015 წელს ქართველი სპეციალისტი „ტრაბზონს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაუბრუნდა, თუმცა ხანმოკლე მუშაობა წარუმატებელი გამოვიდა.