ბოლო ცნობები კვარას ახალ კონტრაქტზე - დე ლაურენტისი და ჯუღელი მალე შეხვდებიან
იტალიური გამოცემა Repubblica „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ წერს. გამოცემის ცნობით, უახლოეს მომავალში „პარტენოპეის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდება.
Repubblica-ს ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს ყველაფერი შეთანხმებული აქვთ მხარეებს მხოლოდ ფორმალური შეხვედრა სჭირდებათ.
რას წერს გამოცემა:
„ახალი კონტრაქტის კონკრეტული დეტალები ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ხვიჩა გაზრდილ ხელფასს მიიღებს - ეს იქნება 5,5-6 მილიონი ევრო. კვარა კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს. გადამწყვეტი შეხვედრა აურელიო დე ლაურენტისსა და მამუკა ჯუღელს შორის უახლოეს მომავალში გაიმართება.
ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეები ისეთ სიჩუმეს ინარჩუნებენ, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს: არც კლუბსა და არც ფეხბურთელს არ სურთ, რომ პრესამ შეთანხმების დეტალები წინასწარ გაიგოს. „ნაპოლისა“ და კვარას მხოლოდ ფორმალური შეხვედრა სჭირდებათ“.
იტალიური მედიის ცნობით, კვარამ და „ნაპოლიმ“ საერთო ენა გამონახეს და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება გათვლილი და მისი 2030 წლამდე გაგრძელება იქნება შესაძლებელი. ხვიჩას ანაზღაურება ყოველწლიურად 5.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც 1.5 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება.