რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ“ | რამაზ სვანაძე მოლდოვასთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, შემოდგომის სანაკრებო ციკლის პირველ მატჩში, ბათუმში მოლდოვას უმასპინძლა, მეტოქე დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილი განიმტკიცა.

მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მოლდოვასთან გამართული შეხვედრა შეაფასა: „მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. დღევანდელი სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პირველ რიგში, მახარებს ის, რომ გავიმარჯვეთ. ამას ემატება ის, რომ თამაშის უდიდესი ნაწილი შეტევებში გავატარეთ და ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ. კომბინაციური ფეხბურთი ვაჩვენეთ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამო, გახარებული ვარ. ნიდერლანდებთან გასამართ მატჩს რაც შეეხება, ვიცით, ვის ვხვდებით და რთული დაპირისპირება გველოდება. ბიჭებთან ვისაუბრე და ვფიქრობთ, ამისთვის მზად ვართ. შანსები გვექნება და ვეცდებით, ისინი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს. შესარჩევი ციკლის დაწყებისას, ჩვენი მიზანი იყო, ბოლომდე ბრძოლაში ვყოფილიყავით. ჯერჯერობით ეს სრულდება და მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა. თუმცა, ეს გუშინდელი დღეა და უკვე მომავალზე ვფიქრობთ. ნიდერლანდებთან თამაშს ველოდებით და მინდა, გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა ქომაგობისთვის და მჯერა, ჩვენს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ“.

ცნობისთვის, პირველი გოლი მატჩის მე-14 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა თავური დარტყმით გაიტანა, რომელმაც ლაშა ოდიშარიას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლიც 49-ე წუთზე ოდიშარიას დაწყებულ შეტევას მოჰყვა, ამჯერად თავი გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა. მატჩის მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი აბუაშვილმა სხვაობა სამამდე გაზარდა და 21-წლამდელთა რიგებში თავისი მეორე გოლის გატანა შეძლო - საგოლე პასი ამ ეპიზოდშიც, ლატვიური რფს რიგას შემტევს - ლაშა ოდიშარიას ეკუთვნოდა.

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: რას ველით ნაკრებისგან? ჩეხეთთან ეს აღარ უნდა მოხდეს
ანალიზი: რას ველით ნაკრებისგან? ჩეხეთთან ეს აღარ უნდა მოხდეს