საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიული მონაკვეთის შემდეგ, ახალ ცხოვრებას იწყებს. ახალი ეტაპი და გზა, რომელიც მხოლოდ წინ მიდის, მაგრამ უკან მოხედვისას სიამაყით ივსება. მარტში და ივნისში ჩატარებულმა მატჩებმა ქართული ფეხბურთის ისტორია გადაწერა და რაც მთავარია - ერი გააერთიანა.
დღეს უკვე ყველას უნდა, რომ სტადიონზე მივიდეს, ამ გუნდს უქომაგოს და მადლობის ნიშნად 90 წუთი არ გაჩერდეს, საზეიმო გარემო შექმნას. მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთის მოყვარულთან გვაქვს საქმე, თუ ისეთ ადამიანთან, რომელსაც ეს სახეობა დიდად არ ესმის. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბოლო 6 თვეში მოახერხა და თითოეული ქართველის გუნდი გახდა!
მცირე შესავლის შემდეგ, ახლა გადავიდეთ უკვე დღევანდელ დღეზე და მოახლოებულ მატჩებზე. დღეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის გასამართ მატჩზე გესაუბრებით და შევეცდები არსებული ვითარება და მოლოდინები გავაერთიანო, ბოლოს კი ლოგიკურ დასკვნამდე მივიდეთ.
ვილი სანიოლმა შემადგენლობა უკვე დაასახელა, გუნდი სრულად შეიკრიბა და ემზადება. პირველი კითხვა: რას ველოდებით 7 სექტემბერს ჩეხეთთან? 3 ქულით დაწყებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს ევრო 2024-ზე ჩეხების წინააღმდეგ გამართული მატჩი, რომელშიც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა და ყველაზე მეტი მომენტი ჩვენ კართან სწორედ მათ შეგვიქმნეს. მამარდაშვილი, რომ არა ალბათ დიდი ანგარიშით წავაგებდით.
ევროს დასრულების შემდეგ, ნაკრებიდან ბევრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთთან გუნდს ყველაზე რთული მატჩი ჰქონდა. ახლა შევეცდები გაჩვენოთ, რატომ მოხდა ეს და რას ველით უკვე 7 სექტემბერს.
საქართველო VS ჩეხეთი ევროზე | რა, როგორ და რატომ?
ჩეხებთან ევროზე აი ასეთი შემადგენლობით ვითამაშეთ. ამან პირველ ტაიმში იმუშავა, მოვიგეთ, მაგრამ მამარდაშვილმა ბევრჯერ გვიხსნა და საბოლოოდ, მაინც ქულას დავჯერდით. აქ სანიოლის გათვლა იყო ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერ ჩეხებთან უფრო დაბალი, სწრაფი და ტექნიკური მიქაუტაძისა და დავითაშვილის დაყენება. სკამზე დარჩენა ჩაკვეტაძესა და ზივზივაძეს მოუწიათ.
მატჩის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ გადავრჩით და ეს ტაქტიკურად სწორი არჩევანი არ იყო. მეორე მომენტიც არის, კიტეიშვილი გვაკლდა ტრავმის გამო და ვინ იცის, მას, რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენი სწრაფი კონტრშეტევები უფრო გამოსადეგი და სახიფათო ყოფილიყო.
ჩეხეთის მსგავს ნაკრებთან ხაზის უფრო მაღლა ამოწევის მომხრეა ნაკრების მცველი გიორგი გველესიანიც, რომელიც ცრუ ცხრიანში სტუმრობისას სწორედ ამას ამბობდა.
ევრო 2024-ზე ჩეხებს სწორად ეთამაშა თურქეთი, რომელმაც ხაზი მაღლა აუწია და პრესინგის შედეგად, მათ ბურთის ამოტანა, აუტებიდან და სტანდარტებიდან ჩაწოდებების საშუალება არ მისცა და ავტომატურად მათ კართან ხიფათიც ნაკლებად იქმნებოდა.
საპირისპიროდ ასე დაბლა დაწეული ხაზით ვეთამაშეთ ჩვენ ჩეხებს და ბურთი დავუთმეთ, რამაც ჩვენს კართან უამრავი მომენტის შექმნა გამოიწვია.
ახლა უკვე სხვა დროა, შემადგენლობა თითქმის საბრძოლო გვყავს და გადამწყვეტი მნიშვნელობის მოთამაშეებიც არ გვაკლია. კიტეიშვილიც ფორმაშია, მატჩი კი თბილისშია.
საქართველო VS ჩეხეთი დღეს | რას ველოდებით? სავარაუდო სცენარი
ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩისგან განსხვავებით დღეს ნაკრებს კარგ ფორმაში მყოფი და ჯანმრთელი კიტეიშვილი ჰყავს. ასევე მაგარ ფორმაშია ჩაკვეტაძეც, რომელიც ალბათ როცა ასეთ კონდიციებში იქნება, სულ ერთია ვის ვხვდებით - გიო ძირითადში აუცილებლად უნდა იყოს.
და პირიქით, საუკეთესო კონდიციებში არაა ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ალბათ შეხვედრას თადარიგიდან დაიწყებს.
დიდებულ ფორმაშია ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც მე პირადად სასტარტოში ველოდები, თუმცა რას ფიქრობს სანიოლი ეს სულ სხვა საქმეა. მიქაუტაძეს „ლიონში“ კარგი სტარტი არ აქვს, მაგრამ ვილი მას ნდობას ყოველთვის უცხადებდა და შესაძლოა კვარაცხელიასთან ერთად თავდასხმაში კვლავ ჟორჟი ვიხილოთ.
ზუსტად ევროზე ჩეხეთთან მატჩის შემდეგ მოხდა ჩვენს დაცვაში მნიშვნელოვანი ცვლილება - საბა კვერკველია გაცილებით დამაჯერებლად მოთამაშე გიორგი გველესიანმა შეცვალა. მოსალოდნელია, რომ ის ამჯერად ძირითადში იქნება და დაცვის სამეულს კაშიასთან და დვალთან ერთად დააკომპლექტებს.
ძალიან კარგ ფორმაშია ქოჩორაშვილიც და კვარაცხელიაც, რომლებიც ამ მომენტისთვის მეტოქეთათვის ძალიან სახიფათო ფორმაში იმყოფებიან და მათი შესრულებით ჯადოქრობებს თბილისშიც ველით.
კაკაბაძეც ჩვეულ დონეზეა. პირადად მე ყველაზე მეტი კითხვა მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე მაქვს - წიტაიშვილი, თუ აზაროვი? ამას სანიოლი გადაწყვეტს. სხვა მხრივ კი სავარაუდო თერთმეტეული ასეთი მგონია.
ახალ საფეხურზე, ახალი სახეებით - რას ველით საქართველოს ნაკრებისგან?
ვილი სანიოლმა ნაკრებში 3 დებიუტანტს უხმო: ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია) და შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა).
20 წლის გოგლიჩიძემ სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლის ყურადღება მიიპყრო. საბას სიმაღლე 1.93 არის, ფიზიკურად ძლიერია, საჰაერო ორთაბრძოლებშიც კარგია და რაც მთავარია ჭკვიანი მცველია. ბურთის ამოტანა ეხერხება და კარგი პასი აქვს, რაც მას სამომავლოდ გურამ კაშიას ღირსეულ შემცვლელად აქცევს. მე ასე ვხედავ და იმედია მოლოდინები გამიმართლდება.
ლუკა გადრანიც ცენტრალური მცველია და მას შანსის მისაღებად დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს.
კარგი შანსი მიიღო შოთა ნონიკაშვილმა, რომელიც ნაკრებში ტრავმებისა და გარდამავალი პერიოდის დროს მოხვდა. ტრავმირებულია სიგუა, უგუნდოდ იყო კვეკვესკირი, ასევე ტრავმირებულია მექვაბიშვილი და ვნახოთ რამდენად შეძლებს შანსის გამოყენებას ნონიკაშვილი, რომელიც „იბერია 1999“-ში საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ამჯერად B დივიზიონში იასპარეზებს, გაცილებით მაღალი დონის ნაკრებებთან და ასეთ დონეზე სტაბილურად თამაში მომავალში დონის ასამაღლებლად აუცილებელი რამ არის. თუ, ჩეხეთს, ალბანეთსა და უკრაინას არ ვაჯობეთ, წინსვლაზე ფიქრი ჯერჯერობით რთული იქნება.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოდ ვთვლი, რომ ვილი სანიოლი ტაქტიკურ მონახაზს შეცვლის და გუნდს 4-3-3-ზე ან 4-2-3-1-ზე გადააწყობს. პირველ რიგში ეს დაცვაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარეობს. მთლიანად სჭირდება შეცვლა დაცვის ცენტრს და ასევე გვესაჭიროება მინიმუმ კაკაბაძის დონის მარცხენა მცველი, რომელიც დღეს არ გვყავს. შენგელია და წიტაიშვილი ვინგბექები არიან, ეს კი სულ სხვა პოზიციაა. ირაკლი აზაროვი კი დაცვაში არც ისე დამაჯერებელია და ეს განსაკუთრებით სწორედ 4-მცველიან სქემაში ეტყობა.
თუმცა შესაძლოა პირველი ორი ტურის შემდეგ, სანიოლმა რაიმე ცვლილებები შემოგვთავაზოს, ნურაფერს გამოვრიცხავთ. მაგრამ, ამ ყველაფერს წინაპირობა სჭირდება და ჯერ ჩეხეთთან არის მოსაგები, შემდეგ კი ალბანეთში რთული გასვლა გველის.
ერთა ლიგა - შანსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის?
იყო კითხვები წყვეტდა, თუ არა რაიმეს ეს ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატთან მიმართებით? დიახ, არის შანსები, რომ მუნდიალზე მოსახვედრად ერთა ლიგის B დივიზიონში ჩვენი ჯგუფის მოგება გამოგვადგეს.
ასეთი ვითარებაა: ერთა ლიგის B დივიზიონში 4 ჯგუფია. ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები თეორიულ შანსს მიიღებენ. თუ, ერთა ლიგის A დივიზიონში (ასევე ოთხი ჯგუფია) თავიანთი ჯგუფების გამარჯვებულები, ძველი კლასიკური შესარჩევიდან გააღწევენ და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდებიან, მათ ადგილს B დივიზიონის პირველადგილოსნები დაიკავებენ. ამიტომ აუცილებელია ჯგუფის დამაჯერებლად მოგება, რომ კონკურენტებს ვაჯობოთ.
როგორ ხდება ეს ყველაფერი? 2026 წლის მუნდიალზე გუნდების რაოდენობა მოგეხსენებათ იზრდება. ევროპას 13-ის ნაცვლად 16 ქვეყანა წარმოადგენს. 12 ნაკრები ანუ კლასიკურ შესარჩევ ციკლში ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიოზე პირდაპირ გაემგზავრებიან. დარჩენილ 12 მეორეადგილოსანს, რომლებმაც პლეი-ოფში უნდა იბრძოლონ, დაემატება სწორედ ის 4 ნაკრები, ერთა ლიგის A და B დივიზიონების საუკეთესო ოთხეული და ჯამში ეს 16 ქვეყანა შექმნილ 4 გზას გაივლის: როგორც ერთა ლიგაში იყო - ნახევარფინალები და ფინალი. გუნდები კი წილისყრის შედეგად დაჯგუფდებიან.
შანსი შესაძლოა C და D ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებმაც მიიღონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ A და B დივიზიონებიდან გუნდები მუნდიალის საგზურს კლასიკური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვებენ და ერთა ლიგის პლე-ოფებს ჩაეხსნებიან.
ვითარება საკმაოდ ჩახლართულია, შანსებს ჯერ ხელშესახები ვუწოდოთ, ცოტა ადრეა, მაგრამ საბრძოლო გვაქვს და აზრი ნამდვილად აქვს. ნაკრები უახლოეს თვეებში შევსებასაც მიიღებს და ნელ-ნელა ახალი სახეებიც გამოჩნდებიან.
დინამოზე, თუ მესხზე? - ბრძოლა, სადაც ყველა აგებს
საქართველოს ნაკრები ახალ ერთა ლიგაზე საშინაო მატჩებს „მიხეილ მესხზე“ (ჩეხეთი და ალბანეთი) და ბათუმში (უკრაინა) ჩაატარებს. ოფიციალური ინფორმაციით, „დინამო არენას“ პირველი იარუსი დაზიანებულია და რეკონსტრუქცია სჭირდება.
„დინამომ“ ფეხბურთის ფედერაციას უპასუხა, რომ მატჩის ჩატარება არენაზე შესაძლებელია და მაყურებლებს შესვლა სრულიად უსაფრთხოდ მეორე იარუსზე შეუძლია, რომელიც 41 000 ადამიანს იტევს. სფფ მათ არ ეთანხმება და თვლის, რომ უეფას სტანდარტებით ასეთ არენაზე თამაში არ შეიძლება და თუ პრობლემა მოგვარდება, ნაკრები ოქტომბერში ალბანეთთან შეხვედრისთვის „დინამო არენას“ დაუბრუნდება.
მოკლედ, მსგავსი დაპირისპირება და სრული გაურკვევლობა პირველ რიგში საქართველოს ნაკრებს ვნებს და გარდა ამისა ხელს არავის აძლევს, ამით ვერავინ მოიგებს, ეს აშკარაა.
ჩვენს ნაკრებს სავსე „დინამო არენა“ და 54 000 გულშემატკივარი სჭირდება. ნებისმიერი ნაკრებისთვის „ბორის პაიჭაძეზე“ მოგება ურთულეს საქმეს წარმოადგენს და ბიჭები სახლში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდნენ.
ორივე მხარემ ერთი საქმე უნდა აკეთოს - საქმე, რომელიც ნაკრებს ხელს შეუწყობს. სხვა ყველაფერი ბოდვაა და ქართული ფეხბურთისთვის ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასია.
ამჯერად სულ ეს იყო. სანაკრებო მატჩების შემდეგ, უკვე ცრუ ცხრიანით იუთუბზე დაგიბრუნდებით და ამომწურავ ანალიზს შემოგთავაზებთ.