„მისი სახის 85 პროცენტი ცხვირს უკავია“ | ომალი დარწმუნებულია, რომ მერაბს დაანოკაუტებს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ კევინ იოლის ინტერვიუ მისცა. „შუგამ“ მერაბ დვალიშვილთან გასამართ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა და გამოეხმაურა ჭრილობას, რომლის ამსახველი ფოტოც „მანქანამ“ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მერაბ დვალიშვილი ჩხუბს როგორ დაიწყებს. თუ ორთაბრძოლის სტარტზე აქტიური იქნება, მალევე დანოკაუტდება. თუ შედარებით პასიური იქნება, ცოტათი გვიან დანოკაუტდება. დარწმუნებული ვარ, მის ყბას ვიპოვი და რამდენჯერმე ძლიერად მოვარტყამ. ამის 100 პროცენტით მჯერა.
მერაბის ჭრილობა და დენა უაითის განცხადება? ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მის ჭრილობას ხელახლა გავხსნი. სულერთია ბოლომდე შეხორცებულია თუ არა. ჭრილობა სახის მარცხენა მხარეს აქვს, ჩემი მარჯვენა ხელი კი მიზანს არასდროს აცილებს. იმხელა ცხვირი აქვს, ალბათ, ჭრილობის ნაცვლად, შემთხვევით ცხვირში მოვარტყამ. მისი ცხვირი სახის 85 პროცენტს იკავებს და ვეცდები, როგორღაც მას დარტყმა ავაცილო, რათა ჭრილობამდე მივაღწიო. დენა უაითის განცხადება, რომ დვალიშვილი სულელია, სრული სიმართლეა. მერაბი ჭკვიანი ნამდვილად არაა“.
ცნობისთვის, „შუგა“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ადრეც რამდენჯერმე უთქვამს, რომ დვალიშვილს ნოკაუტით დაამარცხებს. მერაბისა და ომალის ბრძოლა UFC 306-ის მთავარი მოვლენაა და მას თბილისის დროით, 15 სექტემბერს, დაახლოებით დილის 08:30-ზე ვიხილავთ.