სექსუალური ძალადობის ბრალდება - ვალენსიამ რაფა მირი ვარჯიშებიდან დროებით მოკვეთა
„ვალენსიამ“ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული რაფა მირი ვარჯიშიდან დროებით გაათავისუფლა.
„ღამურების“ თავდამსხმელი ორშაბათს დააკავეს. ის ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის ჩვენებით, დანაშაული ჩადენილია გასულ შაბათს, ფეხბურთელის სახლში გამართულ პირად წვეულებაზე, სადაც გოგონა და მისი მეგობარი ღამის კლუბში მირთან შეხვედრის შემდეგ წავიდნენ. დაზარალებული აცხადებს, რომ ის ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა სცემა. მეორე ბრალდებული ასევე ფეხბურთელია, „ალკანტარილას“ მოთამაშე პაბლო ხარა, რომელიც ასევე დაკავებულია. ჩვენების მიცემის შემდეგ ორივე მოთამაშე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
Marca-ს ცნობით, „ვალენსიამ“ გადაწყვიტა, ხუთშაბათს და პარასკევს მირი ვარჯიშიდან გაეთავისუფლებინა, რათა დეტალურად გაეანალიზებინა სიტუაცია. კლუბი აპირებს წვდომა მოიპოვოს საქმის განმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მირის წინააღმდეგ გრძელდება პირველადი გამოძიება სექსუალური ძალადობის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მირს ეკრძალება ესპანეთის დატოვება - მას მოეთხოვება ყოველკვირეულად გამოცხადდეს სასამართლოში და ასევე ეკრძალება სავარაუდო მსხვერპლიდან 500 მეტრში მიახლოება.
აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, უდანაშაულობის პრეზუმფციის თანახმად, ვალენსიას არ აქვს იურიდიული საფუძველი მირი გუნდს ჩამოაშოროს და თამაში აუკრძალოს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის იმიჯი და გუნდში არსებული ატმოსფერო საფრთხის წინაშეა. თუმცა, კლუბს შეეძლო შიდა დისციპლინური ზომების მიღება და თავდამსხმელის დაჯარიმება შაბათ-კვირის განმავლობაში „არასათანადო ქცევისთვის", რადგან სავარაუდო დანაშაული შაბათს ღამით ლა ლიგის მატჩის შემდეგ (ვილიარეალთან) მოხდა.