გიორგი დევდარიანი
Aa
Aa

„ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელები გარბიან“ - დევდარიანი ქართულ ფეხბურთზე

გიორგი დევდარიანი, რომელსაც როგორც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, ასევე ქართულ კლუბებში წარმატებით უმუშავია და ფეხბურთის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, ამჟამად არც ერთ კლუბს არ უდგას სათავეში და ინდივიდუალური მომზადების ცენტრ „ფეოლაში“ სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ მოზარდებს განსაკუთრებული მეთოდიკით ავარჯიშებს.

დევდარიანის აზრი და შეფასება საფეხბურთო თემაზე მუდამ საინტერესო მოსასმენია და ის Crystalsport-ს საქართველოს ნაკრების მოახლოებულ მატჩებსა და გასულ ზაფხულს ევროტურნირებზე ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზებზე ესაუბრა.

გიორგი დევდარიანი

ისევე როგორც ყველა ქართველ გულშემატკივარს, მეც ამჯერადაც გამარჯვების დიდი იმედი მაქვს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების თითოეულმა წევრმა უდიდესი გამოცდილება მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და კიდევ უფრო მეტ განვითარებაზე იზრუნებენ.

ვფიქრობ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ყველაზე მეტად სწორედ ჩეხებთან გაუჭირდა და იოლი თამაში ამჯერადაც არ იქნება. მეტოქე ისევ შეეცდება ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდეს, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, რომ სწრაფი კონტრშეტევები კიდევ უფრო სახიფათო გავხადოთ.

დებიუტანტები ეროვნულ გუნდში ყოველთვის კარგია და სხვა ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ თუ არა შანსის მიცემას, ამაზე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით - საამისოდ მუშაობს ანალიტიკური სამსახური, რომელთა საქმეც არის აბსოლუტურად ყველა კანდიდატზე დაკვირვება. პირადად ჩემი აზრია, რომ ნაკრებში გამოძახებულ ყველა მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს და ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს.

არის შეკითხვა რატომ არ იმოქმედა საკლუბო ფეხბურთზე სანაკრებო ფეხბურთის წარმატებამ - იმიტომ, რომ ეს ორი სრულიად სხვადასხვა სივრცეა. ეროვნულ გუნდში მყოფი ფეხბურთელების 90 პროცენტი ლეგიონერია და ერთადერთი გიორგი წიტაიშვილი მახსენდება Crystalbet ეროვნული ლიგიდან რომ იყო გამოძახებული.

იმ ჩემპიონატის წარმომადგენელს, საიდანაც ყველა ფეხბურთელი გარბის, ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვება არ უნდა მოსთხოვო. გასაგებია, რომ გვიხარია ევროპაში ქართველი ფეხბურთელის გასვლა, ღმერთმა ქნას წავიდნენ ესპანეთში, იტალიაში, თუნდაც ავსტრიაში და ოთარ კიტეიშვილის დონეზე ითამაშონ, მაგრამ როდესაც უზბეკეთში, ყაზახეთში, რუმინეთის მეორე ლიგაში მიდიან, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა.

მეტი ფული უნდა ჩაიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გვეშველება. „ლუდოგორეცის“ ერთი ფეხბურთელის ხელფასი საქართველოს ერთი საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტს უდრის და ჩვენ გვინდოდა ეს გუნდი დაგვემარცხებინა - ასეთი მიდგომით არაფერი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დევდარიანის ბოლო სამუშაო ადგილი ბოლნისის „სიონი“ იყო, რომელიც საკუთარი სურვილით რამდენიმე თვის წინ დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბების ხელმძღვანელების მიმართ პროტესტი გვაქვს - ქართული ფეხბურთის პროფკავშირი დაარსდა
კლუბების ხელმძღვანელების მიმართ პროტესტი გვაქვს - ქართული ფეხბურთის პროფკავშირი დაარსდა