„ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს“ | დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდის თავკაცი ბუდუჩნოსტზე
„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის 2024/25 წლების გათამაშებაში მონაწილეობს. მისი პირველი მეტოქე „ბუდუჩნოსტი“ გახლავთ და „დინამო თბილისის“ ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა, ვალერი გაგუამ მონტენეგროს ჩემპიონზე ისაუბრა.
„წილისყრა გაიმართა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტს შევხვდით. მეტოქე ვნახეთ და მისი რამდენიმე თამაშის ანალიზი გავაკეთეთ. ძალიან ძლიერი გუნდი ჩანს. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და დაკვირვებას გავაგრძელებთ. ჩვენს მატჩამდე თუ ითამაშებენ, შევხედავთ, რათა რამე დეტალი არ გამოგვრჩეს და მეტოქე მაღალ დონეზე გვყავდეს შესწავლილი.
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს, რადგან ყველა თავისი ქვეყნის ჩემპიონია. ყველა გუნდს ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს და ყველას უნდა, მომდევნო ეტაპზე გავიდეს. ახალი ფორმატის წყალობით, 3 ეტაპის დაძლევა მერვედფინალში გასვლის შანსს გაძლევს, სადაც რეალის, სიტის, ბარსელონასა და მათი დონის გუნდებს ეთამაშები“.
ცნობისთვის, „დინამო თბილისისა“ და „ბუდუჩნოსტის“ მატჩები 18 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „დინამო“ „ტრაბზონსპორს“ შეხვდება. მეორე რაუნდის მატჩები 23 ოქტომბერსა და 6 ნოემბერსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ „დინამოს“ 19-წლამდელები მესამე რაუნდში გავლენ, მათი მეტოქე პეტაჰ-ტიკვას „მაქაბი“, მაკედონური „ბრერა შტრუმიცა“ ან ბოსნიური „სარაევო“ იქნება.