იამალი: უფროსებთან თამაშის არ მეშინია, 11-12 წლის ვიყავი, როცა ქუჩაში 20 წლის ბიჭებს ვეთამაშებოდი
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ლამინე იამალმა L'Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და კატალონიური გუნდის ასაკობრივ გუნდებში, „ბარსელონას“ მთავარ გუნდში პირველ ვარჯიშებსა და ლიონელ მესისთან შედარებაზე ისაუბრა.
პირველ გუნდში ვარჯიშზე: „როდესაც პირველი გუნდის ვარჯიშზე მიმიწვიეს, ჩემი ჩანთა კარადაში დავტოვე და პირდაპირ სპორტდარბაზში წავედი, იმიტომ რომ გასახდელში ყოფნა მერიდებოდა. იქ იყვნენ ალბა, პიკე, პიანიჩი... დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს შევეჩვიე და როდესაც დებიუტი მქონდა, აღარ ვნერვიულობდი“.
უფროსებთან თამაშზე: „ქუჩაში ფეხბურთის თამაშის დამსახურებაა ის, რომ ასაკით ჩემზე უფროსების წინააღმდეგ თამაშის არ მეშინია. 11-12 წლის ვიყავი, როდესაც 20 წლის ბიჭებს ვეთამაშებოდი. არ მეშინია, მოედანზე სიამოვნების მისაღებად გავდივარ და მზად ვარ ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის“.
მეტოქეების სირთულეზე: „არ მიყვარს ისეთ დონეზე თამაში, სადაც ყველას ვჯობივარ, როგორც ეს ასაკობრივ გუნდებში ხდებოდა ხოლმე. მირჩევნია, რთული მატჩები მქონდეს. სჯობს, საერთოდ არ ვითამაშო, ვიდრე ვითამაშო 90 წუთი და ყველაფერი ძალიან ადვილი იყოს“.
მესისთან შედარებაზე: „მთავარია, ამას ყურადღება არ მიაქციო. როდესაც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს გადარებენ, ეს ნიშნავს, რომ შენს საქმეს კარგად აკეთებ, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს - ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მემკვიდრეობა დატოვო“.
17 წლის ლამინე იამალი ზაფხულში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. „ბარსელონას“ მაისურით მას 55 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.