კვარა, მესი, მოდრიჩი - ოქროს ბურთის 19 შარშანდელი ნომინანტი წელს 30 საუკეთესოში ვერ მოხვდა
„ოქროს ბურთს“ 2024 წელს ახალი გამარჯვებული ეყოლება - ლიონელ მესი, რომელმაც ეს ჯილდო შარშან მიიღო, წელს ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. წინა წლის 30 ნომინანტიდან ახალ სიაში 19 ფეხბურთელი ვერ მოხვდა, მათ შორის ვერც ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შარშან მე-17 ადგილი დაიკავა. „ნაპოლის“ წარუმატებელი სეზონის შედეგად ნომინაციის გარეშე დარჩა შარშანდელი მერვეადგილოსანი ვიქტორ ოსიმენიც.
ოქროს ბურთი მოქმედ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ 4 მოთამაშეს მოუგია: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა ევროპაში აღარ თამაშობენ, ამიტომ სიაში მათი არყოფნა ბევრისთვის გასაკვირი არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით ლუკა მოდრიჩზე, რომელმაც გასულ სეზონში „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
ნომინანტთა სიის მიღმა აღმოჩნდა ჯამალ მუსიალა, რომელმაც გასულ სეზონში „ბაიერნში“ 12 გოლი გაიტანა, ევროზე კი გერმანიის ნაკრებში სამჯერ გამოიჩინა თავი. სიაში ვერ მოხვდა ვერც ნიკოლო ბარელა, რომელმაც „ინტერთან“ ერთად სერია ა მოიგო, და ვერც კევინ დე ბრუინი, რომელმაც „სიტისთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა.
2024 წელს ნომინანტთა სიაში არ მოიძებნა ადგილი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული როდრიგო გოეშისთვის, ფინალისტი „დორტმუნდის“ ერთ-ერთი ლიდერის, მარკო როისისთვის, „ლივერპულის“ მაისურით 18 გოლის ავტორის, მოჰამედ სალაჰისთვის, პრემიერლიგისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულის, ხულიან ალვარესისთვის და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, რობერტ ლევანდოვსკისთვის.
France Football-ის მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის 30 მოთამაშე იბრძოლებს. გამარჯვებული 28 ოქტომბერს პარიზში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.