მიქაუტაძის კონკურენტს ტრაბზონში უშვებენ
ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთის სუპერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება და იქაური გუნდები ჯერჯერობით საკუთარი რიგების კვალიფიციური მოთამაშეებით შევსებაზე ისევ ზრუნავენ. ერთ-ერთია მათ შორის „ტრაბზონსპორი“, რომელიც „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძის ერთ-ერთი კონკურენტის, გიფტ ორბანის დამატებას გეგმავს.
წამყვანი ფრანგული საინფორმაციო სააგენტობის ცნობით, თურქები მზად არიან „ოლიმპიკს“ ახალგაზრდა ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაუხადონ. იმ შემთხვევაში კი, თუ ტრაბზონელები ქვეყნის ჩემპიონები გახდებიან, ხოლო ეს ფეხბურთელი გათამაშებას მინიმუმ 20 გოლით დასრულებს, ლიონელები ბონუსის სახით დამატებით 1 მილიონს მიიღებენ. ორბანის თაობაზე სტატიაში წერია, რომ მას მიქაუტაძესთან კონკურენციის გამო, თავის გამოჩენის საშუალება იშვიათად ეძლევა, რის გამოც წესით და რიგით, „ტრაბზონსპორის“ წინადადებას უნდა დათანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ ორბანი საფრანგეთის ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში, „სტრაბურგთან“ საშინაო შეხვედრაში მაშინ ჩაერთო, როდესაც „ლიონი“ საკუთარ სტადიონზე მარცხდებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რადგან რონისპირელებმა მისი დუბლის წყალობით წლევანდელ სეზონში პირველი სამი ქულა აიღეს.