ხაბელოვი მესამე ვადით? პრეზიდენტმა მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა
ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობას მეოთხე ვადით გეგმავს. ამის შესახებ მან, აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობს, თვლის, რომ საკუთარი თავი ამ სფეროში ჯერჯერობით არ ამოუწურავს და ქართული ოლიმპიური მოძრაობის კიდევ უფრო განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავაც შეუძლია.
ლერი ხაბელოვი
აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ამ თემასთან დაკავშირებით მესაუბრნენ და მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურის დაყენებას გეგმავენ, ამის საფუძველს კი მათ ის წარმატებული პერიოდი აძლევთ, რომელიც ქართველ ოლიმპიელებს ჩემი ხელმძღვანელობის 12-წლიან პერიოდში ჰქონდათ.
მაქვს რამდენიმე ვალდებულება აღებული და საქმე დაწყებული, რომელიც მსურს ბოლომდე მივიყვანო. ასეთი კი პირველ რიგში 2025 წელს ბაკურიანში გასამართი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადაა, რომელიც აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ.
ჯერჯერობით არ ვიცი, კონკურენტი მეყოლება თუ არა - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ღია და გამჭვირვალე ორგანიზაციაა და თუ ვინმეს აქვს პრეზიდეტობის სურვილი, ამის შესახებ შეუძლია განაცხადი მოცემულ ვადაში შემოიტანოს.
გადავწყვიტეთ, რომ პარალიმპიადის დასრულების და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ, აღმასკომი კიდევ ერთხელ შეიკრიბოს, სადაც უკვე წელს გასამართი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის თარიღი დადგინდება.
ლერი ხაბელოვი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო, რომელიც 1992 წელს ბარსელონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ასევე ხუთჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს კი როგორც უკვე მოგახსენეთ, მეთორმეტე წელია სათავეში უდგას.