ზარიას და გადრანის გუნდიდან რუსი მწვრთნელი გააგდეს - არეულობა კაირატში
ყაზახეთის საფეხბურთო გუნდ „კაირატში“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა გადრანი და გიორგი ზარია თამაშობს, სერიოზული არეულობაა. ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ასტანასთან“ (0:1) წაგებული მატჩის შემდეგ, გასახდელში კლუბის პრეზიდენტი კაირატ ბორანბაევი ჩავიდა და მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ კერჟაკოვს ფეხბურთელების თვალწინ ფეხბურთის სირცხვილი და ნაგავი უწოდა, რის გამოც რუსმა სპეციალისტმა მეორე დღესვე თანამდებობა დატოვა.
ამ მარცხამდეც პირველ ადგილზე იყო და წაგების მიუხედავად სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩა „კაირატი“, თუმცა როდესაც ლიდერი კლუბიდან მთავარი მწვრთნელი მიდის, ბუნებრივია ეს უდიდეს ხმაურს იწვევს. სწორედ ამ შეკითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა პრეზიდენტს, რომელმაც აღნიშნა, რომ კერჟაკოვთან კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდა და იყო მცირე აფეთქებებიც, რადგან წაგებული თამაშის შემდეგ ის მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ვერ შეაქებდა.
შეგახსენებთ, რომ როგორც ზარია, ასევე გადრანი კლუბის წამყვანი მოთამაშეები არიან, ეს უკანასკნელი კი რამდენიმე დღის წინ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახა. რაც შეეხება „კაირატს“, თვრამეტი ტურის შემდეგ 32 ქულით ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ პოზიციაზეა და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „აქტობესა“ და „ელიმაის“ მინიმალური სხვაობით უსწრებს.