რობინ ჰრანაჩი: ევროზე საქართველოსთან ურიგოდ არ გვითამაშია, 4:1 უნდა მოგვეგო
ჩეხეთის ნაკრები ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ჩეხები თბილისში დღეს ჩამოფრინდებიან, მანამდე კი ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩის შესახებ საუბრობენ და ევროპის ჩემპიონატზე გამართულ მატჩთან ავლებენ პარალელებს.
„ჰოფენჰაიმის“ მცველი რობინ ჰრანაჩი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი საქართველოსთან მატჩში გამარჯვებას იმსახურებდა.
„ვფიქრობ, [ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წინააღმდეგ] ურიგოდ არ გვითამაშია. გადამწყვეტი როლი შეასრულა იმან, რომ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ყველაზე სამართლიანი ანგარიში 4:1 იქნებოდა. ფრე 1:1 ცუდად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ კარგი თამაში გვქონდა. ახლა სულ სხვა მატჩი გველოდება. ისინი შინ თამაშობენ და სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება“.
მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა „რეინჯერსის“ ნახევარმცველმა, ვაცლავ ჩერნიმ.
„ზოგადად, ევროზე შეტევაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ საქართველოსთან მატჩში ვდომინირებდით. თუ ასეთ დონეს შევინარჩუნებთ და შეტევაში თამაშს გავაუმჯობესებთ, წარმატების უფრო კარგი შანსები გვექნება“.
საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება.