იუნაიტედს დატოვებს? - კაზემიროს ფენერბახჩე ეპატიჟება
როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება. დღეს ვიქტორ ოსიმენი გალათასარაის ოფიციალურად შეუერთდა.
კონკურენტის გაძლიერების ფონზე, ფენერბახჩემ ახალი ტრანსფერის გაჩარხვა გადაწყვიტა. თურქული მედიის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს გუნდს კაზემიროს გადაბირება სურს.
ბრაზილიელი ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას ადრეც აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა. ლივერპულთან წაგების შემდეგ, მის მიმართ იმდენი კრიტიკა გაჩნდა, რომ გუნდიდან წასვლაზე დაფიქრდა. ამ სიტუაციით სარგებლობას კი ფენერბახჩე ცდილობს.
ამ ინფორმაციას Goal.Com-იც ადასტურებს და წერს, რომ კაზემიროს მართლაც სურს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება, თუმცა პრობლემას მისი ანაზღაურება ქმნის.
ცნობისთვის, 32 წლის ნახევარმცველი წითელ ეშმაკებში წელიწადში 10.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. ეს თანხა კი ფენერბახჩეს ეძვირება.
შეგახსენებთ, რომ კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს 2022 წლის აგვისტოში შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 87 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.