მადრიდის მერი: ვინისიუსმა შეცდომა დაუშვა და ბოდიში უნდა მოიხადოს
მადრიდის მერმა ვინისიუს ჟუნიორს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რადგან ბრაზილიელმა ესპანეთი რასისტულ ქვეყნად მოიხსენია და მათთვის 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის რჩევა გასცა.
„თუ 2030 წლისთვის სიტუაცია არ გამოსწორდება, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სხვა ადგილის პოვნა მოგვიწევს. ასეთ ქვეყანაში მოთამაშეები თავს კომფორტულად და დაცულად ვერ გრძნობენ“.
- თქვა ვინისიუსმა.
მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ კი ასეთი პასუხი გასცა:
„ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რასიზმი საზოგადოებაში არსებობს და რომ ჩვენ მის აღმოსაფხვრელად უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ უკიდურესად უსამართლოა ესპანეთისა და განსაკუთრებით მადრიდის მიმართ ის, რომ ჩვენ რასისტულ საზოგადოებად მოგვიხსენიეს და გარდა ამისა, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
ვინისიუსს ვთხოვ შეცდომა გამოასწოროს და ბოდიში მოიხადოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამორჩეული ფეხბურთელია, არ ნიშნავს, რომ შეცდომებს არ უშვებს და ამჯერად მან შეცდომა დაუშვა.
რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ესპანეთის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ვინისიუსის მხარეზეა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით მის გვერდით, როდესაც ის თითქმის მთელ ესპანურ საზოგადოებას და განსაკუთრებით მადრიდს რასისტს უწოდებს. ამას ვერ შევეგუები.
მან უნდა აღიაროს, რომ ცხოვრობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღია, მისასალმებელ და მრავალფეროვან ქალაქში. თუ არის ერთი რამ, რაც მადრიდს ახასიათებს, ეს არის ის, რომ არავის ეკითხებიან, საიდან არის ან სად მიდის. აქ არავინ არის გარიცხული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.
ის, რომ მას მოუწია რამდენიმე სამწუხარო ეპიზოდების ატანა, არ აძლევს უფლებას უწოდოს თითქმის მთელ ესპანურ საზოგადოებას რასისტი და თქვას, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქ არ უნდა ჩატარდეს“,
- განაცხადა ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ.