„ლუკაკუ კვარას საბოლოო მომწიფების გასაღები“ - იტალიური გამოცემა
ნეაპოლური გამოცემა ilmionapoli რომელუ ლუკაკუსა და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი დუეტის შესახებ წერს.
„ნაპოლიმ ამ ზაფხულს ახალი ციკლის დაწყება გადაწყვიტა. კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განეხორციელებინა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ვიქტორ ოსიმენის გაშვება და რომელუ ლუკაკუს მოყვანა იყო, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე აჩვენა, თუ რამხელა მოტივაცია აქვს.
ნაპოლის შარშანწინდელი პროექტი, რომლის პიკიც სკუდეტო იყო და დღევანდელი ახალი ციკლი - მათი დამაკავშირებელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა გაუძლო პსჟ-ს დამაინტრიგებელ შემოთავაზებას და არჩევანი ნაპოლიში დარჩენაზე გააკეთა. მას თავისი მახასიათებლების მიხედვით, ეს მძიმე როლი დამსახურებულად ეკუთვნის და მისი ტარება ნამდვილად შეუძლია.
კვარას დამხმარე ხელი ლუკაკუ იქნება, რომელიც მას სრული მომწიფებისკენ მიმავალ გზაზე უხელმძღვანელებს. ლუკაკუ მას მოედანზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაშიც დაეხმარება.
ლუკაკუ კვარას მსგავსად კონკურენტუნარიანი მოთამაშეა და მან ეს პარმასთან უკვე გვაჩვენა. მისი მიდგომა თანაგუნდელებსაც გადაეცემა. ამრიგად, ნაპოლის ახალ დუეტს არა მხოლოდ გასახდელში გუნდის დამუხტვა შეუძლია, არამედ ერთმანეთისაც. განსაკუთრებით გოლების გატანისას და სირთულეების გადალახვისას“.
- წერს იტალიური გამოცემა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ნაპოლის“ უახლოესი ორი მატჩი 15 და 22 სექტემბერს ელის. ჯერ სტუმრად „კალიარისთან“, შემდეგ კი ასევე სტუმრად „იუვენტუსთან“.