„თავდაპირველად ნაკერების ამოღება დანით ვცადე“ | მერაბი დენა უაითის კრიტიკაზე
მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie-ის ინტერვიუ მისცა და ვარჯიშისას მიღებული ჭრილობის ამბავზეც ისაუბრა. „მანქანა“ UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არაფერს ნანობს.
„არ ვნანობ, რაც გავაკეთე. სოციალურ ქსელებში ყველაფერზე ვაქვეყნებ პოსტებს და ჭრილობა სერიოზული პრობლემა არ იყო, რადგან შონ ომალისთან ჩხუბამდე 3 კვირა მქონდა დარჩენილი. ჩემს ორგანიზმს ვიცნობ და ვიცოდი, რომ ჭრილობა 5 დღეში შემიხორცდებოდა. მას ჩემს ვარჯიშზე გავლენა არ მოუხდენია და როგორც ხედავთ, თავს კარგად ვგრძნობ.
რა თქმა უნდა, დენა უაითის განაწყენება არ მინდოდა, მაგრამ ჭრილობა სერიოზული პრობლემა არ იყო და არაფერს ვნანობ. ასეთი ადამიანი ვარ და ასეთი ცხოვრება მაქვს. მგონი, დენა ცოტათი შევაშინე და მესმის, ეს რატომაც მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაფერს ვნანობ და ასეთი ადამიანი ვარ.
ნაკერების უზარმაზარი მაკრატლით ამოღება? ნაკერებს ყოველთვის ასე ვიღებ. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი რამ იყო, თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ოდნავ დიდი მაკრატელი გამოვიყენე. თავდაპირველად, ნაკერების ამოღება დანით ვცადე, მაგრამ ძაფი ვერ გავჭერი და ცოტა მტკივნეული იყო, რის შემდეგაც, სახლში შევედი და მაკრატელი ავიღე. ბოდიში, რომ პატარა მაკრატელი არ მაქვს“.
ცნობისთვის, დენა უაითმა დვალიშვილის მიერ ჭრილობის ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას სულელური ქმედება უწოდა. დენას თქმით, ჭრილობა შესაძლოა ჩხუბისას ომალის სამიზნე იყოს და არის შანსი, „შუგასნაირ“ ზუსტ სტრაიკერთან ეს დამღუპველი აღმოჩნდეს.