კუმანი: ბერგვაინი 26 წლის არის და არაბეთში წავიდა, მას ნაკრებში აღარ გამოვიძახებ
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტივენ ბერგვაინისთვის სანაკრებო კარიერა დასრულებულია, სანამ „ნარინჯისფრებს“ ის ხელმძღვანელობს.
საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ, ბერგვაინმა კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება გადაწყვიტა.
„სტივენ ბერგვაინი 26 წლის არის და მან კარიერის გაგრძელება საუდის არაბეთში გადაწყვიტა. ცხადია, რომ მის არჩევანს სპორტულ ამბიციებთან არანაირი საერთო არ აქვს. მისთვის ნიდერლანდების ნაკრების კარი დახურულია. მან ალბათ იცის, რომ ამას ვეტყვი“.
- განაცხადა კუმანმა.
„აიაქსმა“ 26 წლის ფეხბურთელის „ალ იტიჰადს“ დაახლოებით 21 მილიონ ევროდ მიჰყიდა.
ბერგვაინი 2018 წლიდან ნიდერლანდების ნაკრების წევრია. მან ევრო 2024-ზეც ითამაშა. გასულ სეზონში კი „აიაქსის“ რიგებში ერედივიზიონში 24 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.