ახალგაზრდულ ლიგაზე დინამოს 19-წლამდელთა მეტოქე ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ახალგაზრდული ლიგის 2024-25 წლების სეზონის, „ჩემპიონთა გზის“ პირველი, მეორე და მესამე რაუნდების წილისყრა გაიმართა. საქართველოდან ამ ტურნირზე „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი ასპარეზობს.
პირველ რაუნდში დინამოელთა მეტოქე მონტენეგროს „ბუდუჩნოსტი“ იქნება. მატჩები 18 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს გაიმართება.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „დინამო“ „ტრაბზონსპორს“ შეხვდება. მეორე რაუნდის მატჩები 23 ოქტომბერსა და 6 ნოემბერსაა ჩანიშნული.
იმ შემთხვევაში, თუ „დინამოს“ 19-წლამდელები მესამე რაუნდში გავლენ, მათი მეტოქე პეტაჰ-ტიკვას „მაქაბი“, მაკედონური „ბრერა შტრუმიცა“ ან ბოსნიური „სარაევო“ იქნება. მესამე რაუნდის მატჩები 27 ნოემბერსა და 11 დეკემბერს გაიმართება.