საუკეთესო ჩემპიონშიფში, ტოპ 1 პროცენტში ევროპაში | ჩაკვეტაძის მაგარი სტატისტიკა
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის 2024/25 წლების გათამაშება ბრწყინვალედ დაიწყო. „უოტფორდის“ ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ 4 ტურის შემდეგ, „კრაზანები“ 9 ქულით მესამე ადგილს იკავებენ.
„ჩაკვემ“ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში გოლის გატანის 13 შანსი შექმნა და ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს. გიორგი ყოველ 90 წუთში, საშუალოდ 3.42 შანსს ქმნის და ამ მაჩვენებლით, ევროპის მასშტაბით, ნახევარმცველთა შორის, ტოპ 1 პროცენტში იმყოფება.
ცნობისთვის, ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში, „ჩაკვემ“ მონაწილეობა 4 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა. „უოტფორდის“ თავკაცი, ტომ ქლევერლი ქართველ ფეხბურთელს ბოლომდე ენდობა და გიორგის 341 წუთი აქვს ნათამაშები.
„კრაზანების“ მდგომარეობას რაც შეეხება, „უოტფორდმა“ პირველი ქულები გასულ ტურში დაკარგა და „შეფილდთან“ გამართული გასვლითი შეხვედრა 0:1 წააგო. „კრაზანებს“ მომდევნო მატჩი 14 სექტემბერს ელით და საკუთარ კედლებში „ქოვენთრის“ დაუპირისპირდებიან.