ალბანეთის ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
ალბანეთის ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, „ევერტონის“ თავდამსხმელი არმანდო ბროია გამოაკლდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ალბანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ განაცხადა.
მისი თქმით, ბროიამ ქუსლის მყესი დაიზიანა და მის ნაცვლად ნაკრებს ესპანური „გრანადას“ ფორვარდი, მირტო უზუნი შეუერთდება.
რა თქვა სილვინიომ:
„არმანდო ბროია გამოკვაკლდა, ბოლომდე ველოდეთ, გუშინ ვესაუბრეთ „ევერტონის“ წარმომადგენლებს. არმანდოს ქუსლის მყესის ტრავმა აწუხებდა, მან დაიწყო აღდგენითი პროცესი და უახლოესი 10-15 დღე ვერ ითამაშებს. შესაბამისად, სექტემბრის მატჩებში ის ვერ დაგვეხმარება. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ბროიას ნაცვლად ნაკრებში გამოვიძახეთ მირტო უზუნი და ის ხვალ შემოგვიერთდება.
პრესკონფერენციაზე ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა ერთა ლიგაზე საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა.
„ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოგვიტანოს. უკრაინას, საქართველოსა და ჩეხეთს ძლიერი გუნდები ჰყავთ, ძლიერი ფეხბურთელები - მათთან მატჩები რთული იქნება, სერიოზული ბრძოლა გველოდება. ჩვენ ექსპერტიმენტების დრო არ გვაქვს, ქვეყანასა და ერს წარმოვადგენთ და მთელი გული უნდა ჩავდოთ მოედანზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ? არ ვიცი, მაგრამ მოედანზე უნდა ვიბრძოლოთ და 100%-ით დავიხარჯოთ“.
ალბანეთის ნაკრები 7 სექტემბერს ჩეხეთში უკრაინას დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ტირანაში საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.