მზადების პირველი დღე - სანიოლის განკარგულებაში 11 ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024/2025 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელი პროცესის დროს, მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განკარგულებაში ოცდაოთხიდან მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი, ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე იყო. დანარჩენი ცამეტი მოთამაშე კი ეროვნულ გუნდს უახლოეს საათებში შეუერთდება. 7 სექტემბერს თბილისში ჩეხებთან და 10 სექტემბერს ტირანაში ალბანელებთან გასამართი მატჩების წინ, Nakrebi.ge-სთან ავსტრიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა.
ოთარ კიტეიშვილი
განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა. ვემზადები ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით, კარგ ფორმაში შევხვდეთ მოახლოებულ მატჩებს.
ჩეხეთის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ველოდებით ბევრ ორთაბრძოლას და ჩაწოდებებს მათი მხრიდან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაქსიმალური მზადყოფნა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ და გვერდში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ეროვნულ გუნდს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდა და ჰამბურგში გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.