„რინერი მაშინაც ღირსეულად მოიქცა“ - ფრანგები ქართველს აკრიტიკებენ
ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი, რომელთან მომხდარი კონფლიქტის გამოც გურამ თუშიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ჟურნალისტების წინაშე რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ჩნდებოდა. თუმცა, ზუსტად გუშინ, როდესაც თუშიშვილის თაობაზე საბოლოო ვერდიქტი დადგინდა, მისი პატარა ინტერვიუ ერთ-ერთ ფრანგულ ვებ-გვერდზე parlons-basket.com-ზე გამოქვეყნდა. რინერს თავად არ უსაუბრია გურამის შესახებ, თუმცა ფრანგმა ჟურნალისტმა მისი ინტერვიუს შესავალში ლეგენდარული ფრანგის კარგ წარდგენასთან ერთად, თუშიშვილი დააკნინა.
რას წერენ რინერსა და თუშიშვილზე
ძიუდო ყოველთვის მეტოქის დაფასებასთან ასოცირდებოდა და ტედი რინერს ამ წესებისთვის არასოდეს გადაუხვევია. ჩვენი სიტყვების დასტური პარიზის ოლიმპიური თამაშები გახლდათ, სადაც 35 წლის ფრანგმა ლეგენდამ არც ერთი არასწორი სვლა არ გააკეთა და მაშინაც არაფერი შეშლია, როდესაც ქართველმა გურამ თუშიშვილმა ემოციები ვერ მოთოკა და ფრანგს შეუტია. დაფასება, ძიუდოს სული და ტედი რინერი განუყოფელი ცნებებია.
შეგახსენებთ, რომ თუშიშვილის დისკვალიფიკაცია ძალაში 2025 წლის 25 თებერვლამდეა. 29 წლის ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პირველობის ორგზის გამარჯვებუალია. სამი წლის წინ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი, ის ვერცხლის პრიზიორი გახდა.