გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის საგოლე პასი - ლევანტემ ეიბართან ქულები დაკარგა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრაში „ლევანტე“ სტუმრად „ეიბართან“ უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.  ვალენსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გიორგი ქოჩორაშვილი და მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

„იპურუაზე“ გამართული მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და წინ გავიდნენ კიდეც - გიორგი ქოჩორაშვილმა მეხუთე წუთზე პაბლო მარტინესთან გათამაშებული კედელის შემდეგ, ეფექტური გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე როხერ ბრუგე გაიყვანა და ვალენსიელები დაწინაურდნენ.

 

შესვენებამდე დარჩენილ დროში „ეიბარის“ ფეხბურთელები წონასწორობის აღდგენას ცდილობდნენ, თუმცა ისეთი სახიფათო მომენტები ვერ შექმნეს, რომ „ლევანტეს“ მეკარე ანდრეს ფერნანდესი საქმეში სერიოზულად ჩართულიყო.

ის რაც პირველ ტაიმში ვერ გააკეთეს, მასპინძლებმა მეორე ნახევრის დასაწყისში შეძლეს და 47-ე წუთზე გურუსეტას პასით პუერტასმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ქოჩორაშვილი კი პირველ ტაიმთან შედარებით ინერტული იყო, რის გამოც 75-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ანხელ ალგობიათი შეცვალა. ქოჩორას გასვლიდან რამდენიმე წუთში „ლევანტეს“ რიგებში ივან რომერომ გოლის ავტორი ბრუგეს კარგი გადაცემით გაიტანა, რაც წესით გამარჯვების მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში პუერტასმა დუბლი შეასრულა და „ეიბარს“ ქულა გადაურჩინა.

სამი ტურის შემდეგ 5 ქულით „ლევანტე“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „უესკას“ ოთხი ქულით ჩამორჩება. სანაკრებო თამაშების გამო, გიორგი ქოჩორაშვილი ვალენსიელებს 8 სექტემბერს „კარტახენასთან“ გასვლით შეხვედრაში ვერ დაეხმარება და კლუბს 14 სექტემბერს „ელდენსესთან“ საშინაო მატჩში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვი დაბრუნდა - ორი დებიუტანტი ნაკრების შემადგენლობაში
აზაროვი დაბრუნდა - ორი დებიუტანტი ნაკრების შემადგენლობაში