კიმიხი ახალი კაპიტანია - ცვლილებები ბუნდესნაკრების იერარქიაში
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც მასპინძელი გერმანიის ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან (1:2) მარცხის შემდეგ დაემშვიდობა, ახლა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ილქაი გიუნდოგანმა, რომელიც კონტინენტის პირველობაზე გუნდის კაპიტანი გახლდათ, სანაკრებო კარიერა დაასრულა და ანალოგიური გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ვეტერანმა, მანუელ ნოიერმა მიიღო, ხოლო ტონი კროოსმა საერთოდ ფეხბურთის თამაშს დაანება თავი.
შექმნილი მოცემულობის ფონზე, ბუნდესნაკრების მთავარ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს ახალი კაპიტნის დანიშვნა დასჭირდა და არჩევანი იოზუა კიმიხზე შეაჩერა, რომელიც მისი თქმით თანაგუნდელებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და გარდა ამისა, სათამაშო კუთხითაც, ნაკრების შეუცვლელი ფიგურაა. ვიცე-კაპიტანი ანტონიო რუდიგერი იქნება, ხოლო მისი და კიმიხის არყოფნის შემთხვევაში, სამკლავურს კაი ჰავერცი მოირგებს.
კიმიხი გერმანიის ნაკრების კაპიტნის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრას 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგაზე უნგრელებთან საშინაო შეხვედრაში ჩაატარებს. მას ეროვნული გუნდის რიგებში 91 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და 2017 წელს ფიფას კონფედერაციათა თასიც მოიგო.