ზაზა ნადირაძე
Aa
Aa

უცხოელებს მუდამ მადლობა და უარი - ქართული ნიჩბოსნობის ელჩს 31 წელი შეუსრულდა

საქართველოში ნიჩბოსნობის და კანოეს ხსენებაზე ყველას პირველ რიგში ზაზა ნადირაძე ახსენდება, რომელსაც დღეს 31 წელი შეუსრულდა. ადამიანი, ვინც მთელ მსოფლიოს გააგებინა, როგორ შეიძლება შრომისა და მონდომების ხარჯზე, მწირი კი არა, საერთოდ არანაირი სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურის პირობებში, საოცარი შედეგების მიღწევა. დაახლოებით 8-10 წლის წინ, მისი სახით გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც მოსამზადებლად არანაირი პირობები არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკუთარი ჟინითა და საოცარი სპორტული შემართების ხარჯზე ყოველთვის უმაღლესი შედეგების ჩვენებას ახერხებდა და 2014 წლიდან დღემდე არც ერთი წელი პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე მედლის გარეშე არ ჩაუმთავრებია.

ზაზა ნადირაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ ჰქონდა შემოთავაზებები თურქეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, მაგრამ ყველას ეუბნებოდა მადლობას და უარს, რადგან ერთხელ რომ შეძლო და გამართული ნავითა და ნიჩბის გარეშე ვარჯიშით წარმატებას მიაღწია, ბოლომდე სჯეროდა, მსგავს შედეგს მომავალშიც გაიმეორებდა. იმეორებს კიდეც და რომ არა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აბსურდული გადაწყვეტილება პროგრამიდან 200-მეტრიანი დისტანციის ამოღებისა და მხოლოდ 1000-მეტრიანის დატოვების თაობაზე, მას თავისუფლად შეეძლო როგორც ტოკიოში, ასევე პარიზში საქართველოს დელეგაციისთვის სხვადასხვა სინჯის მედლები მოეტანა.

13 წლის იყო, როდესაც მცხეთაში მცხოვრები ზაზა პირველად ნიჩბოსნობით დაინტერესდა და დააინტერესა მეგობარმა, რომელიც სპორტის ამ სახეობაზე დადიოდა. მალე მან და მისმა ძმამ განიერი და თანამედროვე ნავის გაკეთება დაიწყეს. შემდეგ უკვე მოდაში ვიწრო ნავები შემოვიდა და დავიწროება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან დეფორმაცია მიიღო და მხოლოდ ერთ მხარეს უხვევდა. ნიჩბის კარგად ხმარებასთან ერთად, ბუნებრივია სპორტის სახეობაში წარმატებისთვის განსაკუთრებული ძალ-ღონეა საჭირო, რის გამოც ტრენაჟორებზე ვარჯიშიც აუცილებელია. ზაზას თავიდან 55-კილოგრამიანი ტრენაჟორი ჰქონდა და კუნთოვანი მასის მოსამატებლად მისი საშუალებით ემზადებოდა. საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან 7 თვეში საქართველოს ჩემპიონი, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიოს 23-წლამდე პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 2016 წლის რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები, სადაც მისგან წარმატებას არავინ მოელოდა და ბრაზილიაში ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ჩავიდა. ჩავიდა და სტარტი შთამბეჭდავი ჰქონდა - ნახევარფინალში მეოთხე, ხოლო ფინალურ ბლოკში პირველი ადგილით შევიდა, რის შემდეგაც უკვე თავისუფლად შეიძლებოდა მედალზე პრეტენზია განეცხადებინა. მან თითქმის ყველაფერი სწორად და იდეალურად გააკეთა ერთი მცირე შეცდომის გარდა, რომელიც იმდროინდელი გამოუცდელობით იყო განპირობებული - ხელის დაფიქსირებისთვის ნიჩაბზე სპორტსმენი ეგრეთწოდებულ ლეიკოპლასტერს ახვევს და მაშინ პატარა ლეიკო მოხსნა, ხელი დაბლა ჩაუცურდა და საბოლოოდ ფინიშზე მეხუთე მივიდა. ეს ყველაფერი წამის მეასედებში მოხდა, თუმცა ნადირაძის მაშინდელი გამოსვლა და დაფიქსირებული შედეგი უბრალო გამოსვლა კი არა, გმირობა იყო.

31 წლის ქართველ ნიჩბოსანს კარიერის მანძილზე მსოფლიოს ჩემპიონატის 1 ვერცხლის (2017) და 2 ბრინჯაოს (2019, 2024) მედალი აქვს მოპოვებული. ევროპის პირველობაზე კი 2018 წელს ჩემპიონი გახდა, 2023 წელს - ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 2017 და 2024 წლებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. უკვე მეოთხე წელია სპორტსმენის კარიერის პარალელურად, ზაზა ნადირაძე საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია და სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე უკვე ხელმძღვანელის ამპლუაში ზრუნავს და ფაქტია, მასზე უკეთ დაკისრებულ მოვალეობას თავს ბევრი ვერ გაართმევს, რადგან გარდა იმისა, რომ თითოეული სპორტსმენის საჭიროება-მოთხოვნები გადასარევად იცის, ის მთელი მსოფლიოსთვის ქართული ნიჩბოსნობის ელჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადირაძის ბრინჯაო მსოფლიოზე
ნადირაძის ბრინჯაო მსოფლიოზე