დი მარციო: გალათასარაი მთლიან ხელფასს გადაიხდის, ოსიმენთან ყველაფერი შეთანხმებულია
როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენის გადაბირება გალათასარაიმ გადაწყვიტა. ნიგერიელის ტრანსფერი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მაურო იკარდიმ მძიმე ტრავმა მიიღო.
საუბარი 1-წლიანი იჯარით გადასვლაზეა და როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ნაპოლი ითხოვდა, რომ ოსიმენის ხელფასი თურქულ კლუბს მთლიანად გადაეხადა და ორ ნაწილად არ გაყოფილიყო, რაზეც გალათასარაი დათანხმდა. 25 წლის შემტევის ხელფასს მთლიანად თურქული მხარე გადაიხდის.
ამ პირობაზე შეთანხმების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერს მწვანე შუქო აუნთო. თანახმაა ვიქტორ ოსიმენიც და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელ ფეხბურთელსა და პარტენოპეის შორის ურთიერთობა მთლიანად გაფუჭდა. მეტიც, ოსიმენი სერია ა-ს განაცხადიდან ამოიღეს და მას ვარჯიშის უფლება მხოლოდ ნაპოლის 21-წლამდე გუნდთან დართეს.
ასევე შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ოსიმენის გადაბირება პარი სენ ჟერმენს, არაბულ გუნდებს და ლონდონის ჩელსის სურდათ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო შეთანხმება არცერთ გუნდთან არ შედგა. ძირითადი მიზეზი კი ფინანსური მხარეა.