დვალიშვილის მწვრთნელი: მერაბი ომალის მენტალურად გაანადგურებს
15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი შონ ომალი იქნება. ქართველმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ომალის დაანოკაუტებს, თუმცა განსხვავებული პროგნოზი აქვს მის მწვრთნელს, ჯონ ვუდს. მისი თქმით, მერაბი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვებს.
რა თქვა ჯონ ვუდმა:
„მე ვფიქრობ, რომ მეორე რაუნდის შემდეგ ჩვენ ბრძოლას გავაკონტროლებთ. მერაბი შონს ისეთი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს, რომ ის ამას ვერ გაუძლებს. მე არ ვსაუბრობ ფიზიკურ ზეწოლაზე - ფიზიკურად შონის განადგურება რთული იქნება, მაგრამ მენტალურად ეს შესაძლებელია. ჩემი აზრით, მერაბი 5-რაუნდიანი ბრძოლის შედეგად გაიმარჯვებს.
როგორც მწვრთნელი, მერაბით კმაყოფილი ვარ. ის კარგად ითვისებს იმას, რასაც ასწავლი. როდესაც რაღაცას ვეუბნები, მეჩვენება, რომ მას არ ესმის, თუმცა შემდეგ მეორე დღეს ის იდეალურად აკეთებს ყველაფერს, რაც წინა დღეს ვუთხარი. მერაბი არის მებრძოლი, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც ეტყვი“.
მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის შონ ომალის წინააღმდეგ UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით 15 სექტემბერს გაიმართება და მას ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს.