კოპენჰაგენი, გიორგი გოჩოლეიშვილი, იაკობ ნესტრუპი
Aa
Aa

პენალტი მოიპოვა - გოჩოლეიშვილის კარგი თამაში და გამარჯვება

დანიის სუპერლიგაში „კოპენჰაგენმა’’ შინ „ბრონდბიუს’’ 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტოში გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშა, შეტევაში იაქტიურა და პენალტი მოიპოვა, რომელიც კევინ დიკსმა გოლად აქცია, ანგარიში 2:0 გახდა.

მე-6 ტურში გოჩოლეიშვილმა „ნორშელანთან’’ ცუდად ითამაშა, სასტარტოში იყო და მეორე ტაიმში აღარ ათამაშეს. გარდა მოპოვებული პენალტისა, „ბრონდბიუსთან’’ უკეთესი თამაში ჰქონდა, დრიბლინგის 4 მცდელობიდან 3-ში წარმატებული იყო, მინდორზე 11-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, მეტოქის შეტევა ხუთჯერ განმუხტა, თუმცა პასების სიზუსტის მხრივ კარგს ვერაფერს ვიტყვით, სულ 19 პასი შეასრულა და 19-დან მხოლოდ 11 იყო ზუსტი. 23 წლის ქართველი მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შეცვალეს.

გოჩოლეიშვილის მოპოვებული პენალტი

კარგია რომ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა გოჩოლეიშვილი კვლავ სასტარტოში დააყენა და სკამზე არ დასვა, თუმცა ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ გოჩოლეიშვილის უშუალო კონკურენტი როდრიგო უესკასი ტრავმირებულია. მოკლედ, „კოპენჰაგენში'' დამკვიდრებას ცდილობს და ამ პროცესში შეცდომებსაც უშვებს, თუმცა კარგია რომ ორთაბრძოლებს იგებს და „ნორშელანთან'' გამართულ მატჩთან შედარებით დაცვაში უკეთ მოქმედებდა, პროგრესირებს. რაც შეეხება შეტევას, შეტევების გამწვავება მისი მთავარი პლუსია და გასაკვირი არაა, რომ მის აქტიურობას პენალტი და შემდეგ გოლი მოჰყვა. Sofascore-მა „კოპენჰაგენში'' მეკარის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება ქართველს დაუწერა - 7,6.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები