რეალის ექსმეკარე და ორი მსოფლიო ჩემპიონი | ტოპ-5 თავისუფალი აგენტი
ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 30 აგვისტოს დაიხურა, იანვრამდე კლუბები არსებული შემადგენლობებით ითამაშებენ, ხოლო თუ შემადგენლობის გაძლიერებას გადაწყვეტენ, მხოლოდ თავისუფალი აგენტების დამატება შეეძლებათ. თავისუფალი აგენტების ბაზარზე კი რამდენიმე საკმაოდ სოლიდური ვარიანტია.
ადრიენ რაბიო, 29 წლის, ნახევარმცველი
კატარში რაბიოს შთამბეჭდავი მუნდიალი ჰქონდა, რის შემდეგაც ფრანგმა „იუვენტუსში“ ერთ-ერთი ლიდერის როლი დაიბრუნა. გასულ სეზონში მან „ბებერი ქალბატონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 3000-ზე მეტი წუთი ითამაშა და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. ტურინელები მას ახალ კონტრაქტს და წელიწადში 7-8 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა ფეხბურთელის დედამ და აგენტმა მაღალი ბონუსები მოითხოვა და „იუვე“ უარით გაისტუმრა. ფრანგული „ეკიპი“ წერს, რომ რაბიოს ინგლისში თამაში სურს, ხოლო „ბაიერნის“, „ინტერის“ და „ატლეტიკოს“ შეთავაზებები ფრანგმა დაბალი ხელფასის გამო დაიწუნა.
მემფის დეპაი, 30 წლის, თავდამსხმელი
გასულ სეზონში მემფისი „ატლეტიკოში“ გაატარა, თუმცა კლუბის მესვეურები ვერ მოხიბლა: 1223 წუთი მოედანზე და 5+1 ლა ლიგაში. ზაფხულში მემფისმა კარგი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და ნიდერლანდებთან ერთად ნახევარფინალამდე გავიდა, თუმცა ახალი კლუბის მოძებნაში ფორვარდს მაღალი ხელფასი უშლის ხელს. იტალიური მედია წერდა, რომ მემფისმა „ინტერში“ 5 მილიონი ევრო მოითხოვა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მემფისის დამატება „რაიო ვალეკანოს“ პრეზიდენტს სურს, მაგრამ ნიდერლანდელს, როგორც ჩანს, არსად ეჩქარება.
კეილორ ნავასი, 37 წლის, მეკარე
კოსტარიკელი მეკარე გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ყველა ტურნირზე მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ივლისში ცნობილი იტალიელი ინსაიდერები წერდნენ, რომ კეილორი „მონცას“ შეუერთდებოდა, თუმცა კლუბმა „სასუოლოდან“ იჯარით 22 წლის სტეფანო ტურატი წაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული დაივიწყა. მას შემდეგ კეილორ ნავასი გუნდს ეძებს.
სერხიო რამოსი, 38 წლის, მცველი
ვეტერანი მცველი გასულ სეზონში მშობლიურ „სევილიაში“ დაბრუნდა, ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 7+1 დააგროვა. ესპანელი კარგად გამოიყურებოდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, პრესაში იწერებოდა ნაკრებში მის შესაძლო დაბრუნებაზეც, თუმცა ლუის დე ლა ფუენტემ სერხიო განაცხადს მიღმა დატოვა. რამოსს სევილია დარჩენას სთავაზობდა, თუმცა ვეტერანმა ფეხბურთელმა წასვლა ამჯობინა. ახლა სერხიო ქართველ მებრძოლ ილია თოფურიასთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა საუდის არაბეთის „ალ-ორუბაში“ გააგრძელოს კარიერა.
ვილიანი, 36 წლის, თავდამსხმელი
ორი წლის წინ „ჩელსის“ ყოფილი გარემარბი „კორინთიანსიდან“ ინგლისში დაბრუნდა და „ფულემს“ შეუერთდა. ორივე სეზონში ვილიანმა მოედანზე 2000-ზე მეტი წუთი გაატარა და არც თუ ისე ურიგოდ გამოიყურებოდა. ამის ფონზე ვილიანს კლუბმა კიდევ ერთი წლით დარჩენა შესთავაზა მიიღო, თუმცა უარი მიიღო. ბრაზილიელი ამბობს, რომ 40 წლამდე აპირებს თამაშს და ყველა წინადადებას განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე ბრაზილიაში დაბრუნება არ სურს.