„დაჯილდოებაზე მივდიოდით, როდესაც პროტესტზე გვითხრეს“ - ოჩხიკიძის მწვრთნელი დეტალებს იხსენებს
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ორი მედალია - 19 წლის პარატაეკვონდოისტის ანა ჯაფარიძის მიერ დაკავებული საპრიზო მესამე ადგილის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი წარმატება ჩვენ ქვეყანას პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოუტანა, რომელიც პარალიმპიური ჩემპიონი მსოფლიო რეკორდის ფონზე გახდა. კონკურენტების პროტესტის გამო, სრულიად შესაძლებელი იყო ქართველისთვის აბსოლუტურად უსამართლოდ, ოქროს მედალი ჩამოერთვათ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რა ხდებოდა იმ საათების მანძილზე, როდესაც გაურკვეველი იყო აღიარებდნენ თუ არა ოჩხიკიძის დაფიქსირებულ მაჩვენებელს, ამის თაობაზე Crystalsport-ს ქართველი ბირთვის მკვრელის პირადი მწვრთნელი დავით ილარიანი ესაუბრა.
რას ამბობს ოჩხიკიძის მწვრთნელი
გულშემატკივრებისგან მილოცვების მიღების შემდეგ, უკვე დაჯილდოების ცერემონიისთვის ვემზადებოდით, როდესაც ჩვენთან საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ პროტესტის გამო, გიგას შედეგები დროებით ანულირებული იყო.
ვერცკი წარმოიდგენთ იმ დროს რა დაგვემართა - როგორც შემდგომში შევიტყვეთ, მაროკოს, პოლონეთისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და აი ასეთი მავნებლური საქციელით სურდათ ჩვენი შრომა წყალში ჩაეყარათ.
საბედნიეროდ, ყველას ჩართულობით, ჩვენი დელეგაციის წევრებითა და რატი იონათამიშვილის უდიდესი დახმარებით შევძელით და იმ უსამართლობას წინ აღვუდექით, რაც ჩვენს წინააღმდეგ მზადდებოდა.
დავით ილარიანი წარსულში ცნობილი ქართველი მძლეოსანია, რომელიც 110 მეტრზე თარჯრბენში გამოდიოდა და სამ ოლიმპიურ თამაშებზე, 2004, 2008 და 2012 წლებში აქვს მონაწილეობა მიღებული.