მაურო მელუზო: „ნაპოლის საუკეთესო შენაძენი? კვარას შენარჩუნება დიდი საქმეა“
„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ „პარტენოპეის“ მიერ განხორციელებული ტრანსფერები შეაჯამა და განაცხადა, რომ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება „ნაპოლისთვის“ ზაფხულის საუკეთესო „შენაძენი“ იყო.
რა თქვა მელუზომ:
„ვინ იქნება სერია ა-ს საუკეთესო შემტევი ამ სეზონში? სამი თამაშის მიხედვით დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ კვარა ისევ გადამწყვეტ როლს შეასრულებს, ის კარგ ფორმაშია. ბევრს ველოდები „პარმას“ ანჟ-იოან ბონისგან. ასევე არიან მორატა, ლუკაკუ, ვლაჰოვიჩი, ტურამი... რაც შეეხება დოვბიკს, რომელიც „რომამ“ დაიმატა, ვფიქრობ, ის ჩვენს ჩემპიონატს ვერ მოერგება და მისი ადაპტაცია გაჭიანურდება. იტალიური გუნდები დაცვაში კარგად თამაშობენ, მას სირთულეები ექნება.
ვინ არის ნაპოლის საუკეთესო შენაძენი ამ სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში? კვარას შენარჩუნება დიდი საქმეა! როდესაც ასეთი დონის მოთამაშე, საშინელი სეზონის შემდეგ, ვერ ხვდება ევროთასებზე - მისი შენარჩუნება ადვილი არაა ხოლმე. ბუონჯორნო ტოპ-დონის მოთამაშეა, მას ასევე შეეძლო ისეთ გუნდში გადასვლა, რომელიც ევროთასებზე ითამაშებს. თუმცა მათ გადაწყვიტეს, იბრძოლონ ჩემპიონთა ლიგაში დასაბრუნებლად“.
იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, კვარამ და „ნაპოლიმ“ საერთო ენა გამონახეს და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ადასტურებს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო სკირაც. მისი თქმით, კვარაცხელიას ხელშეკრულება 2029 წლამდე იქნება გათვლილი და მისი 2030 წლამდე გაგრძელებაა შესაძლებელი. ხვიჩას ანაზღაურება ყოველწლიურად 5.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც 1.5 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება.