გადახალისებული შემადგენლობა და ბევრი ცვლილება | რას ველოდოთ ჩეხეთის ნაკრებისგან
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის მორიგი გათამაშება იწყება. მეტოქე კარგად ნაცნობი ჩეხეთის ნაკრებია, რომელსაც „ჯვაროსნები“ სამი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ.
ჰამბურგში ჩატარებული მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი გახდა, გუნდები ფრეს დასჯერდნენ, თუმცა მატჩის ბოლო ეპიზოდში საბა ლობჟანიძის მიერ გაცუდებული მომენტი გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრება.
3 თვის შემდეგ ვილი სანიოლისა და ივან ჰაშეკის გუნდები ერთმანეთს უკვე სხვა ტურნირზე, სხვა მოტივაციითა და სხვა მიზნებით ხვდებიან. თბილისში ჩეხები გადახალისებული შემადგენლობით ჩამოდიან, ევროპის ჩემპიონატთან შედარებით გუნდში 10 ცვლილებაა.
ჩეხეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით ანტონინ ბარაკს ვიხილავდით, თუმცა მან ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში თურქეთთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და თბილისში გუნდს ვერ გამოადგება. ნაკრებშია გამოძახებული თურქეთთან მოედნიდან გაძევებული კიდევ ერთი ფეხბურთელი, ტომაშ ჩორი, თუმცა ის მხოლოდ მეორე ტურში, უკრაინის წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.
დიდი ალბათობით, ძირითადში იქნება საყრდენი ნახევარმცველი ალექს კრალი, რომელსაც ნაკრებში 2023 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, ახლა კი „ესპანიოლისთვის“ შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. ასევე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება ქვეყნის ძირითად გუნდში „გლადბახის“ შემტევი ტომაშ ჩვანჩარა, რომელიც გერმანულ კლუბში სტაბილურად თამაშობს, თუმცა ნაკრებში ის ასევე თითქმის ერთი წელი არ გამოუძახებიათ.
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის ჩეხეთის ნაკრების დაცვითი ხაზის ერთ-ერთი ლიდერი ლადისლავ კრეიჩი, რომელსაც მიმდინარე სეზონში „ჟირონას“ მაისურით მოედანზე მხოლოდ 10 წუთი დაუგროვდა, თუმცა ივან ჰაშეკი ამბობს, რომ კრეიჩის სათამაშო კონდიციებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს და მას სრულად ენდობა.
რაც შეეხება გუნდის ლიდერებს, ასეთებად, რა თქმა უნდა, კაპიტანი ტომაშ სოუჩეკი და ნაკრების ბომბარდირი პატრიკ შიკი გვევლინებიან. სოუჩეკმა „ვესტ ჰემში“ სამივე მატჩი ითამაშა და „კრისტალ პალასსაც“ გაუტანა. შიკმა „ლევერკუზენის“ ძირითადში ადგილი ვიქტორ ბონიფეისის პროგრესის ფონზე დაკარგა, თუმცა გასულ სეზონში „ფარმაცევტების“ მაისურით 13 გოლი შეაგდო და „მიხეილ მესხზე“ მთავარ საფრთხეს სწორედ მისგან უნდა ველოდოთ.