ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ფლანგზე არ გვჭირდებოდა და პოზიცია შევუცვალე - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა CrystalSport-თან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა კვარას „ათიანზე'' თამაშს ეხებოდა, ანტონიო კონტეს ფორმაციის „ნაპოლიში'' ქართველი შემტევი ცენტრში ხშირად იწევს და საკვანძო პასებს აკეთებს, ამის იდეალური მაგალითი „ბოლონიასთან'' იყო, როცა ცენტრში მოქმედებდა და ჯოვანი დი ლორენცოს მისამართით ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა.

ვილი სანიოლი: „იცით, როგორც მწვრთნელი, ფეხბურთს ალბათ მაყურებლისგან განსხვავებულად ვხედავ. როცა უყურებენ და ამბობენ, ''ნახეთ, ის 10 ნომერზე თამაშობს", რა არის 10 ნომერი? არავინ იცის რა არის 10 ნომერი. მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა „ნაპოლში,'' მას აქვს უფრო ცენტრალური გადაადგილების ტრაექტორია. და მისი ზონები, სადაც მიდის, უფრო ცენტრალურია. მაგრამ ეს არის ის, რასაც ის ჩვენთან უკვე ორწელიწადნახევრის განმავლობაში აკეთებს. გარკვეული თამაშების გარდა, სადაც ის ჯერ კიდევ ცოტა მარცხნივ იყო, მაგრამ უმეტეს თამაშებში, ის იყო მიქაუტაძესთან ან ზივზივაძესთან ერთად. ასე რომ, ის უკვე ცენტრალური იყო. ამიტომ მე ბედნიერი ვარ, რომ ის ასევე უფრო ცენტრალურად თამაშობს „ნაპოლიში,'' რადგან ვფიქრობ, რომ კვარა... არის... როგორ ეძახით ამას? არის იმ ტიპის მოთამაშე, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. და მოთამაშეები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, უნდა თამაშობდნენ უფრო ცენტრალურად, რადგან ისინი კართან უფრო ახლოს არიან. მათ ბევრი გოლი შეუძლიათ გაიტანონ, კარგი პასები გააკეთონ. სწორედ ამიტომ შევცვალე მისი პოზიცია მარცხენა ფლანგიდან უფრო ცენტრალურისკენ, რადგან ჩვენ არ გვჭირდებოდა იგი ამ პოზიციაზე''.

 

შეგახსენებთ, სექტემბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე'' ჩეხეთს მიიღებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები