კვარა თანახმაა, ლოდინი სრულდება | ახალი ინფორმაცია ხვიჩას კონტრაქტზე
Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე დაიწერა. იტალიური გამოცემა აცხადებს, რომ „კვარამ“ და „ნაპოლიმ“ საერთო ენა გამონახეს და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
„გრძელვადიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. დე ლაურენტისის გერმანულმა მისიამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას შესრულდა, მოსალოდნელი შედეგი მოიტანა. კვარაცხელიამ მიიღო განახლებული შეთავაზება, რომელზეც ჯუღელი და ქართველი ვარსკვლავის მამა დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ. 5 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები, გამოსასყიდი პუნქტის გარეშე, რაზეც ფეხბურთელის წარმომადგენლებმა თანხმობა თქვეს“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.
Il Mattino-ს ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო სკირაც ადასტურებს. მისი თქმით, კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. ხელშეკრულება 2029 წლამდე იქნება გათვლილი და მისი 2030 წლამდე გაგრძელებაა შესაძლებელი. ხვიჩას ანაზღაურება ყოველწლიურად 5.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც 1.5 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება.
ცნობისთვის, კვარაცხელიას გადაბირება „პარი სენ-ჟერმენს“ სურდა, მაგრამ „ნაპოლიმ“ ქართველი ფეხბურთელი არ გაუშვა. „კვარა“ ანტონიო კონტეს პროექტის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და იტალიელი სპეციალისტი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.