ფრე ბათუმში - ლიდერთა სამეულში სიტუაცია დაიძაბა
Crystalbet ეროვნული ლიგის 23-ე ტური ბათუმში გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც ადგილობრივ „დინამოსა“ და „ტორპედოს“ თამაშში საბრძოლო ფრე, 1:1 დაფიქსირდა. მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - მეოთხე წუთზე დავით მუჯირმა კარგი გადაცემით უერდი მარა მოძებნა, რომელსაც ფილიპ კლიაიჩის კარში ბურთის გატანა არ გასჭირვებია. ქუთაისელებმა კი წონასაწორობა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ექვსი წუთით ადრე აღადგინეს, როდესაც ვარლეი და სილვას დარტყმულზე როინ კვასხვაძის მოგერიებულს შედეგიანად ბიორნ იონსენმა დაამატა და ბომბარდირთა დავაში პოზიციები განიმტკიცა. დაფიქსირებული ფრის შედეგად „დინამო ბათუმის“ მოუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაიზარდა, „ტორპედომ“ კი ლიდერ „დილასთან“ ქულათა სხვაობა სამის ნაცვლად, ხუთ ქულამდე შეამცირა.
დღეს Crystalbet ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „სამგურალმა“ „გაგრა“ 3:1 დაამარცხა. მასპინძლები პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ლომთაძის ზუსტი 11-მეტრიანით იგებდნენ, თუმცა უპირატესობა შესვენებამდეც ვერ შეინარჩუნეს და ლუკა ხორხელმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე ლევან კუტალიამ პენალტით, 69-ე წუთზე კი ფერნანდო ბულიმ გაგრელების კარში კიდევ ორჯერ გაიტანეს.
ოცდასამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში 47 ქულით გორის „დილა“ უდგას, რომელიც მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „ტორპედოსა“ და „იბერიას“ 5 ქულით უსწრებს. ამ ორ გუნდს შორის გადადებული მატჩი 18 სექტემბერს არის ჩანიშნული, იქამდე კი სანაკრებო პაუზის შემდეგ Crystalbet ეროვნული ლიგა 24-ე ტურის შეხვედრებით 14 სექტემბერს განახლდება.